9 სექტემბერს, კორონავირუსის პანდემიაზე მომუშავე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა, რომ ვირუსთან დაკავშირებით არაერთი შეზღუდვა ხელახლა შევა ძალაში. ზომების გამკაცრება ბოლო ხანებში ვირუსის შემთხვევების განსაკუთრებულ ზრდას მოჰყვა – ამჟამად ქვეყანაში ინეფქციის 400-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, რაც თებერვალში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კინოთეატრებისა და თეატრების გახსნა, რაც შესაბამისად, 15 სექტემბრისა და პირველი ოქტომბრისათვის იყო დაგეგმილი, ნოემბრის პირველისთვის გადაიდო.
ხვალიდან აიკრძალება სხვადასხვა სახის ღონისძიება, მათ შორის, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა. აქამდე შეზღუდვა მხოლოდ დახურულ სივრცეებში მათ გამართვაზე ვრცელდებოდა, თუმცა ხვალიდან მათი ღია სივრცეებში ჩატარებაც შეიზღუდება. ხვალიდან, 10 სექტემბრიდან აიკრძალება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციასა და პოლიტიკურ პროცესს არ შეეხება. თუმცა, მეზვრიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციების დაცვისკენ, მათ შორის, საჭირო ადგილებში პირბადეების ტარებისაკენ მოუწოდებს.
სკოლების გახსნა, ახალი ეპიდსიტუაციის მიუხედავად, კვლავ 15 სექტემბერს იგეგმება. წითელ ზონად გამოცხადებული აჭარა ერთადერთი რეგიონი იქნება, სადაც სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვებისა და რეკომენდაციების შესრულების კონტროლი გამკაცრდება. „პირბადეების რეგულაციის და ამ მოთხოვნის შესრულება გახლავთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, თქვა მეზვრიშვილმა და აღნიშნა, რომ რეგულაციების შესრულებას პოლიცია და შრომის ინსპექცია გააკონტროლებს.
ამასთან, შემთხვევების მატების კვალდაკვალ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის 18-დან 65 წლამდე უსიმპტომო პაციენტები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები არ აწუხებთ, მკურნალობას სასტუმროებში, საკარანტინო სივრცეებში განაგრძობენ. შესაბამისად, დღეიდან ქვეყნის სამ უდიდეს ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ნაკლებად მძიმე პაციენტებს საკარანტინე სივრცეებშიც უმკურნალებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)