Site icon Civil.ge

ევროპის მოამბე – 10 სექტემბერი

🇬🇧 დიდი ბრიტანეთის საქმეები ვერაა კარგად – ერთ დროს ამაყი კუნძული საკუთარი თავის აჩრდილად ქცეულა. სიამაყე სისულელედ გადაჰქცევია, განთქმული მოზომილობა – ქარაფშუტობად, მსოფლიო კანონმდებლის დაფლეთილი მანტია კი კუთხეშია მარტოდ მიგდებული. ახლაც, მთავრობას წარუდგენია “შიდა ბაზრის კანონპროექტი”, რომელიც ევროკავშირთან შარშან დადებულ ხელშეკრულებას არღვევს. ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს ლათინურად შეუთვლია ლონდონისთვის – pacta sunt servanda = ხელშეკრულება უნდა აღსრულდესო. გერმანელი რომ ლათინურად შეგეხმიანება, კი უნდა მიხვდე კაცი, რომ საქმე ვერაა კარგად… აშშ კონკრესის თავქალს, ნენსი პელოზისაც დაუბარებია – თუკი ირლანდიის საზღვარზე საბაჟოს აღმართავთ და ამით ცნობილ წითელი პარასკევის შეთანხმებას დაარღვევთ (რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიაში ამბოხებას დაუდო ბოლო), ჩვენდათავად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადებაზე ხელებიც დაგვიბანიაო. სადღაა ის დღეები, ამაყად რომ დასჭექდნენ ხოლმე ალბიონის შვილები – “მართე ბრიტანია მსოფლიოს ტალღებიო”? წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად…

🇪🇺🇭🇺 თუკი ვინმემ პანდემიის ამბებით იხეირა, ერთი ასეთი ადამიანი უდავოდ უნგრეთის თავნება თავკაცი, ვიქტორ ორბანია. ჯერ იყო და ვირუსის შიშით ძალაუფლება კიდევ უფრო იმედიანად მოიგდო ხელში. ახლა კი პანდემიის ახალი ტალღის აზვირთებამ “ევროპის სახალხო პარტიის” რიგებიდან მისი “ფიდესის” გარიცხვას შეუშალა ხელი. გემახსოვრებათ ალბათ, რომ ევროპის სახალხო პარტიას – მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების საერთო-ევროპულ ოჯახს – დონალდ ტუსკი უდგას სათავეში, რომელსაც ორბანის სახელის გაგონებაზეც კი აბაბანებს. არც მარტოა უნგრელი ლიდერის ასეთ მიუღებლობაში: სახალხო პარტიის თოთხმეტ წევრ-პარტიას მოუთხოვია “ფიდესის” გარიცხვა. კი შეტორტმანდა ჩვენი ორბანი, მაგრამ სულზე მოუსწრო კორონამ – ევროპის სახალხო პარტია შემდგომ შეხვედრაზე 28 სექტემბერს შეიყრება, ოღონდაც ვირტუალურად. ამ ვითარებაში კი კენჭისყრას რეგლამენტი უკრძალავს თურმე, რადგანაც ყველა წევრის პირადი დასწრებაა საჭირო…

🇷🇸 ვინც ჩემი ხნისა მოიყარენით გემახსოვრებათ, ახალგაზრდებს კი გაგონილი გექნებათ, რომ ბროზ ტიტოს მმართველობის ქვეშ იუგოსლავია მიუმხრომლობის მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ამ გზით ბელგრადი თანაბარ დაშორებას ინარჩუნებდა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის და ამასობაში კი ორივეს წველიდა – გინდ ეკონომიკურად და გინდაც შეღავათიანი სამხედრო შესყიდვების გზით. არაა გასაკვირი, რომ მემკვიდრე სერბეთში ეს არხეინი წლები ტკბილად ახსოვთ და ხან თავდაცვაში, ხანკი თავდასხმაში მოიმარჯვებენ ხოლმე “მიუმხრობლობის” ფირნიშანს. ასე მომხდარა ახლაც – თურმე სერბები თავიანთ მოძმე რუსეთთან ერთად ბელარუსიაში გამართულ სამხედრო მანევრებზე აპირებდნენ ჩასვლას. არ გაგიკვირდებათ ალბათ, რომ მინსკში მიმდინარე მოვლენებისდა გამო, ევროკავშირში შესვლის მსურველი ქვეყნისთვის ეს ცოტა საჩოთირო ამბავი იქნებოდა. ჰოდა, სერბებს წასვლა გაუუქმებიათ, საჯაროდ კი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ვულინი მოთქვამს თურმე – ეს რა გვიყვეს, ბრიუსელმა გვაიძულა ჩემობატონო, ქვეყნის მომავალს ხომ ვერ შევაგდებდით სასწორზე და, რადგან ასეა, საერთოდ ყოველნაირ სამხედრო თანამშრომლობას ვაჩერებთ ყველა პარტნიორთან, აღარც დაგვიძახოთო. რამდენად დაუჯერებს ვულინის ცრემლებს კრემლი, კიდევ ვნახავთ, ოღონდ ამასწინათ რუსეთის საგარეო სამინისტროს სეფე-ქალის, ზახაროვას მიერ სერბი პრეზიდენტის, ვუჩიჩის სახალხო დამცირების შემდეგ კი უნდა ხვდებოდეს ბელგრადი, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა.