მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 10 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა.
„ქართულმა ოცნებამ“ სიის 1-ლ ნომრად და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ მინისტრობის კანდიდატად მოქმედი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა, ხოლო სიის მე-2 ნომრად და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად – პარლამენტის მოქმედი სპიკერი არჩილ თალაკვაძე. პრემიერად არჩევის შემთხვევაში, გახარიას საპარლამენტო მანდატის დათმობა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ პარტიის 2016 წლის საპარლამენტო პროპორციული სიის პირველი ოცეულიდან ახალ ოცეულში მხოლოდ ორი – გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე – მოხვდა. კობახიძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ამჟამად “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, სიაში 4 წლის წინაც მე-3 ადგილს იკავებდა.
სიის მე-4 ნომერია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, “ქართული ოცნების” ერთადერთი მინისტრი, რომელიც თანამდებობას 2012 წლიდან უწყვეტად იკავებს.
სიის მე-5, მე-6 და მე-7 ადგილებს იკავებენ ვიცე-სპიკერები მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა და გიორგი კახიანი. ისინი, თალაკვაძესთან და კობახიძესთან ერთად, იმ ხუთ მოქმედ პარლამენტარს მიეკუთვნებიან, რომლებიც სიის პირველ ოცეულში მოხვდნენ.
სიაში წარმოდგენილი დანარჩენი 13 პირი კი ოცნების “ახალი სახე” იქნება, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი (მე-8), იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე (მე-9) და თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე (მე-10).
“ქართული ოცნების” პროპორციული სიის პირველი ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- გიორგი გახარია, მოქმედი პრემიერ მინისტრი
- არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე
- ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე
- თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი
- მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- კახა კუჭავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- გიორგი კახიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
- მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
- მაია ბითაძე, თბილისის მერის მოადგილე, გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
- მიხეილ დაუშვილი, ბიზნესომბუდსმენი
- გიორგი ამილახვარი, თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი
- ვიქტორ სანიკიძე, კალათბურთელი
- მაკა ბოჭორიშვილი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ევროკავშირში
- შალვა პაპუაშვილი, იურისტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- დავით კაჭარავა, მორაგბე
- ნიკოლოზ სამხარაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- გიორგი ხელაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი; ყოფილი დესპანი აშშ-ში
- მარიამ ლაშხი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე
- ბექა დავითულიანი, თბილისის საკრებულოს წევრი
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი და ერთმანდატიანი ოლქებიდან არჩეული 30 მაჟორიტარი შევა (აქამდე: 77 პროპორციული/73 მაჟორიტარი), ხოლო საარჩევნო ბარიერი 1%-იანი იქნება . ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)