9 სექტემბერს გამართული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-7 რაუნდის შემდეგ, რომელიც საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირთა მონაწილეობით ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში მინისტრმა უენდი მორტონმა განაცხადა, რომ ლონდონი თბილისს დაახლოებით 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს მრავალწლიანი კონფლიქტების მშვიდობიანად დასრულებაში დასახმარებლად. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტმა საქართველოში ექსპორტის მსურველი ბრიტანელი ექსპორტიორებისთვის საკრედიტო გარანტიებისა და საბანკო დაზღვევის დაფინანსება გააორმაგა 3 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების მთავარ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას: პოლიტიკურ დიალოგს, საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, განათლებისა და კულტურის სფეროს, ხალხთა შორის კონტაქტებს. 2014 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ორი ქვეყნის დელეგაციები ურთიერთობათა პროგრესზე საუბრობენ და მომავალი თანამშრომლობის სფეროებს განიხილავენ.
ხაზი გაუსვა რა საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, კიბერუსაფრთხოებაზე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის „გრუ-ს“ კიბერთავდასხმის გამოვლენისთვის შემდგარ თანამშრომლობზე, ასევე 2019 წელს ხელმოწერილ სავაჭრო შეთანხმებაზე, ვაჭრობაზე, რომლის მოცულობამაც 2019-2020 წლებში 186 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით 40%-იანი ზრდაა. გაერთიანებული სამეფო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოტანის კუთხით პირველი ქვეყანაა – 2020 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში შემოსული ინვესტიციების 24.8% სწორედ ბრიტანეთიდან შემოვიდა.
აღნიშნა რა, რომ „საქართველო რუსული აგრესიის პირისპირ დგას და მის საზღვრებზე 2008 წლიდან კონფლიქტი მიმდინარეობს“, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „საქართველოს სტაბილურობა და უსაფრთხოება გადამწყვეტია ევროპისთვის, ამიტომაც გავაძლიერეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ნატოსთან“.
სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, დევიდ ჰოგან-ჰერნმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2020-2021 ფინანსური წლის გეგმას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერთიანებულ სამეფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და 2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ზალკალიანმა ბრიტანეთის საექსპორტო დეპარტამენტსაც გადაუხადა მადლობა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის მხარდაჭერისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)