Site icon Civil.ge

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში საინვესტიციო კლიმატზე

ვაშინგტონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, ალექს ვონგის ფოტო

10 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის  შესახებ 2020 წლის ანგარიში. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო შეაფასა როგორც „მცირე, თუმცა ღია ბაზრის“ მქონე ქვეყანა, რომელმაც 1991 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რისი შედეგიცაა „შედარებით კარგად მომუშავე სტაბილური საბაზრო ეკონომიკა.“ ამასთან, დოკუმენტში ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის დავების კონტექსტში ნათქვამია, რომ სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, „გვხვდება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები“. 

ანგარიში დეტალურად განიხილავს საქართველოში ბიზნესის კეთების შესახებ კანონმდებლობას, რეგულაციებს, საკუთრების უფლების საკითხებს, ფინანსურ სექტორს, მათ შორის, კაპიტალის ბაზრებსა და საბანკო სისტემას, საქართველოს სხვადასხვა შეთანხმებას თავისუფალ ვაჭრობისა და ორმხრივი ინვესტიციების თაობაზე, ასევე მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ ღონისძიებებს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული დიდი კომპანიების უმრავლესობის პრივატიზაციისთვის და კორფციასთან ბრძოლაში.  

სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს გახსნილობას უცხოური ინვესტიციებისადმი, ბიზნესის კეთების სიმარტივეს, მცირე დეფიციტსა და დაბალ ინფლაციაზე ორიენტირებულ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბიზნესის და საინვესტიციო გარემო საქართველოში ჯანსაღია, თუმცა „ზოგი კომპანია გამოთქვამს მზარდ უნდობლობას სასამართლო სექტორის უნარისადმი, რომ კომერციული საქმეები იყოს დამოუკიდებლად და დროულად განხილული; აღნიშნული ხდება იმ ფონზე, რომ ზოგიერთი ბიზნეს დავა სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში მიმდინარეობს“. 

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ „არსებობს შენიშვნები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების არაეფექტურად მიღების თაობაზე, ნაკლოვანებები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში, ასევე არსებობს შენიშვნები ანტი-მონოპოლიური რეგულაციების ნაკლებობასთან, ეკონომიკური კანონების შერჩევითად აღსრულებასთან და საკუთრების უფლებაზე დავების გადაჭრს სირთულეებთან დაკავშირებით“. 

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არსებობს სასამართლო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები და რომ მოსამართლეები დაუცველნი არიან პოლიტიკური ზეწოლისაგან. ანგარიშის მიხედვით, საკუთრების უფლებებზე დავებს, სხვადასხვა დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დაუყენებიათ საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა სასამართლოს რეფორმა, პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეები კვლავაც შესაძლოა ზეწოლის ქვეშ მოექცეს. სახელმწიფო დეპარტამენტი, სამოქალაქო სექტორზე დაყრდნობით ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დომინირებს რეფორმების მოწინააღმდეგე ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში მოსამართლეებზე ზეწოლას მიმართავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აშშ-ის მოქალაქის მონაწილეობით 12-ზე მეტი საინვესტიციო დავა მიმდინარეობდა, მათ შორის 5 დავა – 2019 წელსაც.  

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ანგარიშშია განხილული, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2020 წელს კონტრაქტის შეწყვეტაა. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა პროექტისთვის ახალი ტენდერის ჩატარებას გეგმავს, ამასობაში კი „პეის ჯგუფმა“ დაიწყო 120 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი ფოთის პორტში ახალი ტერმინალის გასახსნელად, ხოლო „ეი პი ემ ტერმინალსმა“ განაცხადა, რომ ფოთში ღრმა-წყლოვანი პორტის გაკეთებას გეგმავს.  

ანგარიშში მოკლედ 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების ამბავიც მოხვდა. ამ საკითხზე აღნიშნულია, რომ ასობით ადამიანი დაშავდა, „მათ შორის ზოგმა თვალის მძიმე დაზიანებები მიიღო, პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების გამო“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)