Site icon Civil.ge

მთავარსარდლი რესპუბლიკის შეაიარაღებულ ძალებს მიმართავს

გენერალი კვინიტაძე ჯარისკაცებთან ერთად. ფოტო დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის არქვივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 12 სექტემბერი, N207

მთავარსარდლისაგან რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს

[რესპუბლიკის კანონმდებლობით მთავარსარდლის თანამდებობა არ იყო მუდმივი და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ის დროებით შემოღებული, როდესაც რესპუბლიკას ემუქრებოდა სამხედრო საფრთხე. ზოგადად, შეიარაღებული ძალების მართვა, განვითარება და საჭიროებებით უზრუნველყოფა ევალებოდა სამხედრო სამინისტროში არსებულ გენერალურ შტაბს. მთავარსარდლის თანამდებობაზე ომის საფრთხის შემთხვევაში მთავრობა, საკანონმდებლო ორგანოსთან შეთანხმებით, ნიშნავდა შეიარაღებული ძალების რომელიმე გენერალს – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

თანახმად მთავრობის დადგენილებისა, რომელიც გამოცხადებულია სამხედრო უწყების მიმართ ამა წლის 8 სექტემბერს. ბრძანებაში, მე გამომეცხადა მადლობა ჩემი მოქმედებისათვის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალთა მთავარ სარდლად. მყოფობის დროს და მასთან ერთად დაბრუნებული ვიქენი ძველ თანამდებობაზე სამხედრო სკოლის უფროსად.

საქართველოს მეომარნო! უკანასკნელ 4 თვის განმავლობაშ მე ვიდრე თქვენს სათავეში და გიწევდით შეძლებისდაგვარად ხელმძღვანელობას მთელი ჩემი ძალით. წინადაც, როგორც მშვიდობიანობისას, ისე სამხედრო მოქმედებათა დროსაც, მე არა ერთხელ შემხვედრია წილად თქვენ სათავეში ყოფნა. ჩემთვის ძვირფასს და მშობლიურ მხედრობაში, ჩემ ძვირფასს სამშობლოს მეომართა შორის გატარებულ დროს მე ვსთვლი ჩემის ცხოვრებისა და სამსახურის უბედნიერეს ხანათ. ჩემი უფროსობის ყოფნისას თქვენ არა ერთხელ დაამტკიცეთ თქვენი ერთგულება და სიყვარული სამშობლოსადმი.

საქართველოს გმირებო! თქვენ კეთილსინდისიერათ მოიხადეთ ვალი სამშობლოს წინაშე. თქვენ ღვრიდით საკუთარ სისხლს, ხშირათ განიცდიდით სიმშილ-სიცივეს, მაგრამ მტკიცეთ გახსოვდათ თქვენი მოვალეობა და მიუხედავათ გაჭირვება სიძნელისა, თქვენ, ჯარმა და გვარდიამ თქვენი გმირული გულმკერდით შეინარჩუნეთ სამშობლოს დამოუკიდებლობა და ყველაფერი ის, რაც მისცა ჩვენს ქვეყანას რევოლუციამ, თქვენ იცლებოდით სისხლისაგან საომარ ველზე თქვენზე უფრო მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლის დროს, თქვენ გადალახეთ უმაღლესი და ძნელათ გასავალი მთები, გადაიარეთ მდინარეები, თქვენ როგორც არწივნი თავს დასტრიალებდით ჩვენი სამშობლოს სადარაჯოებს. მიმოფრინავდით ერთი საზღვრიდან მეორე საზღვარზე და მეხივით ეკვეთებოდით მტერს.

ჯარისა და გვარდიის მეომარნო! თქვენ მხარ და მხარ ერთმანეთთან ღვრიდით სისხლს ჩვენი სამშობლოს დასაცავათ და ამით კიდევ უფრო მტკიცეთ დაუკავშირდით ერთმანეთს.

წითელ ხიდთან ბრძოლის დროს სახალხო გვარდია გმირულათ იბრძოდა უფრო მრავალ რიცხოვან მტერთან, რომელიც მანამდე ძლევა-მოსილათ მოდიოდა ათას ვერსტს. მაგრამ საქართველოს შვილებმა პირველი შეტაკებისთანავე დაამარცხეს ის და უკუ აგდეს შორს ჩვენი საზვრებიდან. გვარდია ღირსეულათ და სრული თავგანწირვით იბრძოდა მტერთან, რათა იმის სურვილით გატაცებულ მუდმივი ჯარისათვის საშუალება მეიცა მტრის შესახვედრათ მომზადებულიყო და გვარდიამ ჩვენი სახელოვანი წინაპრებივით შეასრულა თავისი მოვალეობა გმირულად და სახელოვნათ.

მე უნდა დავადასტურო, რომ თქვენ, საქართველოს მეომარნი, იბრძოდით თქვენი მოვალეობის სრული შეგნებით. თქვენთვის საჭირო არ იყო მოცემულ დავალების შესასრულებლათ ძალდატანება, თქვენთვის მხოლოდ მიზნის დასახელება იყო საკმარისი და თქვენ ყოველთვის სრული შეგნებით და მხურვალე გულით ეკვეთებოდით მტერს. უფროსობა და ხელმძღვანელობა ასეთი მხედრობისა, რომელსაც უსაზღვროთ უყვარს თავისი სამშობლო და მტკიცეთ ესმის თავისი მოვალეობა მის წინაშ,ე ყოველი სამხედრო პირისათვის არის უაღრესი ბედნიერება. ჩვენს ძვირფას და სასიქადულო სამშობლოს ხსოვნაში ყოველთვის იქნება თქვენი გმირობა და მამაცობა, ის ყოველთვის მადლობით მოიგონებს თავის სახელოვან შვილებს.

ვსტოვებ რა მთავარსარდლის თანამდებობას, მე მსურს სრული პატივისცემით და მხურვალეთ ავღნიშნო თქვენი გმირული სამსახური სამშობლოსადმი. თქვენ დაამტკიცეთ, რომ თქვენ ხართ ღირსეული შვილნი თქვენი ღირსეული წინაპრებისა.

აღსდგენ საქართველოს ძველი გმირები. დიდება სამშობლოს, დიდება თქვენ, გაუმარჯოს საქართველოს და მის მხედრობას!

გენერალი კვინიტაძე!