საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი გამოვლინდა.
სოფელი ხურვალეთი, რომელსაც სამი მხრიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი აკრავს, ქვეყნის მთავარი მაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს.
12 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელ ხაზს“ მიმართეს და უსაფრთხოების გარემოს „უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა“ მოითხოვეს.
ამავე ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდის.
„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – ნათქვამია სუსი-ს განცხადებაში.
რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ ხურვალეთთან ახლოს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე „ბორდერიზაციის“ ახალ ფაქტზეც გააკეთა განცხადება.
ე.წ. „ბორდერიზაციის“ ბოლო შემთხვევები ცხინვალში არსებული კრიზისის ფონზე ხდება. ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალგაზრდა პატიმარ ინალ ჯაბიევის სავარაუდოდ წამებით სიკვდილის გამო ორი კვირაა დროდადრო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალებმა ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზის გასწვრივ ღობეების აღმართვა პირველად 2011 წლის აპრილ–მაისში სწორედ ხურვალეთთან და ქვეშთან დაიწყეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)