Site icon Civil.ge

1920 წლის 14 სექტემბერი: ბათუმს ევროპელ სოციალისტთა დელეგაცია სტუმრობს

ევროპელ სოციალისტთა დელეგაციის დახვედრის ცერემონიალი. ბათუმი, 1920 წლის 14 სექტემებრი. მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე რამიშვილი, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი რამსეი მაკდონალდი, ბელგიის სოციალისტური პარტიის ლიდერი ემილ ვანდერველდე. კადრი დოკუმენტური ფილმიდან "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკა", დაცულია ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 15 სექტემბერი, N209

ევროპის სოციალისტური დელეგაცია ბათუმში

სექტემბრის 13-ს ქალაქი მთელი დღე ემზადებოდა სოციალისტური დელეგაციის შესახვედრათ. დილიდან ქალაქი მორთული იყო წითელი დროშებით და გირლიანდებით. მუშათა სასახლის, თვითმმართველობის და კერძო შენობები ლამაზად არის მორთული ყვავილებით, მწვანითა და პლაკატებით. მთელ ქალაქს არაჩვეულებრივი სადღესასწაულო ელფერი ადევს. ნავთსადგური მორთულია ვარდებით და პლაკატებით – წარწერით: „სალამი ძვირფასს სტუმრებს. გაუმარჯოს სოციალიზმს“. დღევანდელ გაზეთებში განურჩევლად მიმართულებისა, საერთაშორისო ხასიათის დელეგაციის მისასალმებელი წერილები არის მოთავსებული, მრავალი კერძო შენობები მორთულია პლაკატებით წარწერებით: „გაუმარჯოს ინტენაციონალიზმს“, „გაუმარჯოს სოციალიზმს“. ეს ლოზუნგები აღვიძებს ძველ პროლეტარულ ბათუმს, აგროვებს მას ძველ მებრძოლ წითელი დროშის გარშემო.

ტფილისიდან მოვიდა მთავრობის წარმომადგენელი კონსტანტინე საბახტარაშვილი და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენელი, დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე რამიშვილი.

აზიზეირთან მომზადებულია საგანგებო მატარებელი, რომლითაც სექტემბრის 14 საღამოთი ევროპის სტუმრები ტფილისში გაემგზავრებიან.

14 სექტემბერს დილით ადრე ბათომის მთელი მცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდა. გადმოგვცემენ, რომ გემი, რომლითაც მოვა დელეგაცია, ბათუმში დილის 8 საათზე იქნებაო. ხალხის აღფრთოვანება თან და თან საერთო ენთუზიაზმში და ზეიმში გადადის. დისონანსი შეაქვთ კომუნისტებს, რომლებმაც გამოუშვეს მოწოდება, სადაც ლანძღავენ ევროპის სოციალისტებს და უმეტესათ კარლ კაუცკის. ეს მოწოდება მხოლოდ დაცინვას იწვევს და აძძიერებს საერთო მხიარულებას.

დილის 6 საათსა და 15 წამს ბათუმის ნავთსადგურში შემოვიდა გემი „ფრანც ფერდინანდი“ გემით მოვიდა ევროპის სოციალისტთა დელეგაცია რომელშიც შედიან: ემილ ვანდერველდე, კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე-ბრიუკე, მისტრის სნოუდენი, ტომას შოუ, რამზეი მაკდონალდი, პიერ რენოდელი, ინგელსი, ქალბატონი ვანდერველდესი, ჰიუსმანსის მეუღლე და ქალიშვილი. კარლ კაუცკი ავათ გახდა და რომში დარჩა. იგი ბათუმისაკენ შემდეგი გემით წამოვა, დელეგაციას ბათომში თან ჩამოყვა კარლ კაუცკის მდივანი ოლბერგიტი.

სოციალისტური დელეგაციის მიღება ბათუმში

ბათომმა დილით ადრე გაიგო ევროპის სოციალიზმის ბელადთა ჩამოსვლა. პროფესიონალური კავშირები წითელი დროშებით გამოვიდნენ ქუჩებში. ქუჩებში გაისმის ინტერნაციონალისა და მარსელიოზის სიმღერები. ხალხი ნავთსადგურთანაა მოგროვილი. გემები და ნავთსადგური წითელი დროშებით, ყვავილებითა და გრილიანდებითაა მორთული.

სრულ 9 საათზე ნავსადგურში მოვიდა მთავრობის წარმომადგენელი კონსტანტინე საბახტარიშვილი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან ისიდორე რამიშვილი, ქალაქის თავი გიორგი ანჯაფარიძე, პროფესიულ კავშირთა წარმომადგენლები და სხვა. პატარა გემი „ბათომი“ ვარდყვავილებით მორთული გაეშურა, „ფრანც ფერდინანდისაკენ“ და 15 წუთის შემდეგ მოიყვანა ძვირფასი სტუმრები. ნავთსადგურში შემოსვლის თანავე დელეგაციას საქართველოს წარმომადგენლები მიეგება. ნავთსადგურთან ისინი ჩასხდნენ მათთვის მომზადებულ ავტომობილში.

საქართველოს დემოკრატია მათ „ვაშას“ ძახილით მიეგება. მუშები სტუმრებს ყვავილებს ესროდნენ. ბავშვებმა სტუმრებს თაიგული მიუტანეს.  დელეგაციის გავლის დროს გაისმოდა ხმები: გაუმარჯოს ვანდერველდეს, გაუმარჯოს მაკდონალდს, გაუმარჯოს სოციალიზმს. ქუჩები წითელი დროშებით იყო დაფარული. ხალხი აივნებსა და ფანჯრებთან იყო მოფენილი. სტუმართა ავტომობილებს მუშათა ორგანიზაციის წარმომადგენლები და დიდი ძალი ხალხი მიყვება. ავტომობილები მუშათა სასახლისაკენ გაემართენ. სასახლესთან მიტინგი უნდა შესდგეს.

[დელეგაციას საზეიმო შეხვედრა მოუწყეს ბათომის ქალაქის საბჭოში,სიტყვები წარმოთქვეს ისიდორე რამიშვილმა და დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შემდგომში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რამსეი მაკდონალდმა. გაიმართა დიდი მიტინგი მუშათა სასახლის წინ, დელეგაციამ შემდგომ დაათვალიერა ჩაქვის ჩაის პლანტაციები, საღამოს კი დედაქალაქისაკენ გამოეშურნენ. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].