Site icon Civil.ge

ევროპელ სოციალისტთა დელეგაცია თფილისში ჩამოვიდა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - ნოე ჟორდანია (1868-1953) თბილისის რკინიგზის სადგურზე ხვდება ევროპელ სოციალისტთა დელეგაციას. 1920 წლის 15 სექტემბერი.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 17 სექტემბერი, N210

ევროპელ სოციალისტური დელეგაცია ტფილისში

ქუჩებში

15 სექტემბერს ჯერ კიდევ დილის 8 საათი არ იყო, რომ ტფილისის ქუჩები ახმაურდენ, ყველა ქუჩისკენ მიიჩქაროდა, თითეული მოქალაქე ცდილობდა თავის თვალით ენახა საერთაშორისო სოციალიზმის მოძღვრები, მუშათა კლასისათვის თავდადებული ბელადნი. უმთავრეს ქუჩებზე ჩამწკრივებული იყო ჩვენი სახელოვანი ჯარი და გვარდია. სახლები მორთული იყო ხალიჩებით, ქუჩებში გაკრული იყო წითელი ლენტები ზედწარწერით: „გაუმარჯოს სოციალიზმს, გაუმარჯოს ინტერნაციონალს“.

მთავრობის და დამფუძნებელი კრების წევრები პირზე ღიმილით მიეშურებიან ვაგზლისაკენ ძვირფასი სტუმრების დასახვედრად. ქუჩებში მოძრაობა დროებით შეჩერებულია, აუარებელი მუშები, ჩამწკრივებულია ლამაზად ვერის დაღმართიდან დაწყებული ერევნის მოედნამდე. ურიცხვი დროშები სასიამოვნოდ ფრიალებენ ჰაერში. არის პლაკატები ყველა ევროპიულ ენაზე ზედწარწერით. წესრიგი საუცხოა, წესრიგს მილიცია იცავს.

ვაგზალზე

ვაგზალი განსაკუთრებით არა ჩვეულებრივად იყო მოკაზმული; აქაც საუცხოვო წესრიგი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბენია ჩხიკვიშვილი. დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრნი თან და თან იკრიბებიან; ბაქანზე უშვებენ მხოლოდ განსაკუთრებული ბილეთებით. ძვირფასი სტუმრების დამხდურთა შორის არიან სხვა და სხვა დაწესებულებების უმაღლესი თანამდებობის პირნი, პრესისა და „გრუტას“ წარმომადგენლები. სტუმრების მისაღები ოთახი ვარდ-ყვავილებშია ჩაფლული, მის კედლებს ამკობს აგრეთვე ძვირფასი სტუმრების სურათები. ყველა ბაქნისაკენ იყურება, ელიან სტუმრებს, აა, აღსრულდა, გვამცნო მუსიკის ხმამ სტუმრების მოახლოება, ორთქმავალი, ნელად, დინჯად მოადგა ბაქანს, თითქოს ისიც გრძნობდა, რომ მოყავს ძვირფასი სტუმრები.

პირველად სტუმრების მისაღებ ოთახში სიცილით, ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი შემოიჭრება დამფუძნებელი კრების წევრი ვლასა მგელაძე და მიულოცავს ამხანაგებს ძვირფასი სტუმრების მოყვანას. სტუმრებს შემოუძღვნენ გარეშე საქმეთა მინისტრის ამხანაგი კონსტანტინე საბახტარაშვილი, დამფუძნებელი კრების წევრები ისიდორე რამიშვილი, გოგიტა ფაღავა, ლევან რუხაძე და სხვები. პირველად სტუმრებს აცნობენ მთავრობის თავმჯდომარე ბატონ ნოე ჟორდანიას, რომელმაც დაახლოვებით ფრანგულ ენაზე შემდეგი სიტყვით მიესალმა მათ:

„საქართველოს ხალხი სიხარულით ეგებება ძვირფასს სტუმრებს, რომელთა წინაშე საქართველო მოვალეა იმითაც, რომ ისინი ლიუცერნსა და ამსტერდამში ახალგაზრდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას იცავდენ. საქართველოს მუშებს არ უღალატნია თავის დიდ მასწავლებელ მარქს, ენგელსის, ვანდერველდეს და სხვებისთვის. როდესაც ყოფილ ამხანაგ ბოლშევიკების და საქართველოს სოციალისტების გზა გაიყო – საქართველოს სოციალისტები ჩამოცილდენ მათ და თავის იდეალების ერთგულებმა დამოუკიდებლად დაიწყეს საკუთარი ცხოვრების მოწყობა.ძნელია ბურჟუაზიულ წესწყობილების პირობებში ახალი სახელმწიფოებრივობის შენება. ჩვენ აღმშენებლობაში მრავალი ნაკლი გვაქვს, მაგრამ ჩვენ შეურყევლად მივდივართ წინ და მომავალშიაც განვაგრძობთ წინსვლას ჩვენი იდეალების განსახორციელებლად. სალამი სოციალიზმის დიდ მასწავლებლებს, გაუმარჯოს ინტერნაციონალს და მის ბელადებს“!

[დახვედრისას სიტყვა წარმოსთქვა ემილ ვანდერველდემ. შემდგომში სტუმრები დაესწრნენ დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომას, რომელზეც სტუმრებს მიესალმნენ კრების ყველა ფრაქციის წარმომადგენლები. საზეიმო სხდომის შემდგომ კრების შენობის გარეთ გაიმართა ხალხმრავალი მიტინგი, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ დელეგაციის წევრები, საღამოს საზეიმო შეხვედრა გაიმართა მუშათა სასახლეში. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]