14 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ „ფეისბუქზე“ პოლიტიკური რეკლამის ძირითად ტენდენციებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის თქმით, პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ, ლიდერებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პოლიტიკური რეკლამის ახალშემოღებული მოთხოვნები გარკვეულწილად დაიცვეს, თუმცა, გვხვდება ცალკეული პარტიები, რომლებიც შესაბამის ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. ამასთან, „სამართლიანი არჩევნები“ დასძენს, რომ კვლავაც პრობლემურია ანონიმური და ყალბი მედიის გვერდებზე პოლიტიკური შინაარსის რეკლამების აღრიცხვის საკითხი.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ ფეისბუკის ე.წ. პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში 7 აგვისტოს ამოქმედდა. აღნიშნული მექანიზმი პოლიტიკურ აქტორებს, რომელთაც „ფეისბუქზე“ რეკლამის განთავსება სურთ, ახალ მოთხოვნებს უყენებს. კერძოდ, პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას დამკვეთი ვალდებულია, მიუთითოს თავისი ვინაობა და დაურთოს შენიშვნა გადამხდელის საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ (“Paid for by” disclaimer).
„ფეისბუქის“ მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოში პოლიტიკურ რეკლამაზე გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც 4 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში 4,607 რეკლამაზე დაახლოებით 193,465 აშშ დოლარი დაიხარჯა.
ქვემოთ მოცემულია პარტიებისა და მათთან დაკავშირებული გვერდების მიერ რეკლამაზე დახარჯული თანხები:
- სტრატეგია აღმაშენებელი და გიორგი ვაშაძე – 47,800 აშშ დოლარი
- ევროპული საქართველო – 30,782 აშშ დოლარი
- ლელო – 21,747 აშშ დოლარი
- ქართული ოცნება – 20,421 აშშ დოლარი
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 6,678 აშშ დოლარი
- პატრიოტთა ალიანსი – 4,663 აშშ დოლარი
არადეკლარირებული რეკლამები, ცრუ მედიისა და მადისკრედიტირებელი გვერდები
ორგანიზაციამ ის პარტიებიც დაასახელა, რომელთაც არადეკლარირებული რეკლამა განათავსეს. ეს პარტიებია: „თავისუფალი საქართველო“; „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“; „ევრო-ატლანტიკური ვექტორი“; „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ და ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“. ანგარიშის თანახმად, „ევრო-ატლანტიკური ვექტორის გვერდზე პოლიტიკური რეკლამების დეკლარირება მხოლოდ 30 აგვისტოდან დაიწყო, ხოლო პარტიებს „სამართლიანობისთვის“ და „ქართულ მარშს“ ჯერაც არ გაუთვალისწინებიათ ფეისბუქის წაყენებული მოთხოვნები.
„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, ზოგიერთმა პარტიამ, რომელიც ძირითადად ადეკვატურად აქვეყნებდა რეკლამისთვის საჭირო ინფორმაციას, ზოგიერთ შემთხვევაში მოთხოვნები მაინც არ დაიცვა. ეს პარტიებია: ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები. ორგანიზაციის თქმით, მართალია, ქართული ოცნება, ძირითადად, რეკლამებს ყველა წესის დაცვით ათავსებს, პარტიის კანდიდატების არაოფიციალურ მხარდამჭერ გვერდებზე რეკლამები შესაბამისი მითითების გარეშეც არის განთავსებული. „სამართლიანი არჩევნების“ თქმით, მაჟორიტარი კანდიდატის ზაალ (ზაზა) დუგლაძის მხარდამჭერ გვერდზე რეკლამებს კანდიდატის ძმა – დავით დუგლაძე ათავსებს. აღსანიშნავია, რომ იგი ზაალ დუგლაძისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პოლიტიკურ რეკლამებს აქვეყნებს კიდევ ერთ გვერდზე სახელწოდებით „41 ჩემი არჩევანია“.
ამასთან, ორგანიზაციამ 11 ანონიმური გვერდი გამოავლინა, რომელიც ძირითადად ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით უწევენ რეკლამას პოსტებს. „სამართლიანი არჩევნების“ თქმით, „ანონიმური დისკრედიტაციული გვერდები კვლავ ცდილობენ თავი აარიდონ სავალდებულო წესებს და პოლიტიკურ რეკლამებს გამჭვირვალობის სტანდარტის გვერდის ავლით აქვეყნებენ“.
„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ ბაკურ სვანიძე თავის გვერდებზე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ თითქმის ყველა სხვა პარტიისა და პოლიტიკური ლიდერის დისკრედიტაციას ეწევა, პოლიტიკური რეკლამებს შესაბამისი მითითებების გარეშე აქვეყნებს.
ორგანიზაციის თქმით, საარჩევნო სუბიექტების ნაწილი „ფეისბუქზე“ რამდენიმე სხვადასხვა სახელწოდების გვერდზე ათავსებს რეკლამას, რაც მათ მიერ გაწეული საერთო ხარჯის აღრიცხვას ართულებს.
სამიზნე აუდიტორია
„სამართლიანმა არჩევნებმა“ პოლიტიკური აქტორების რეკლამის სამიზნე აუდიტორიისა და დემოგრაფიული მახასიათებლების შესახებ ძირითადი მიგნებებიც წარმოადგინა.
ორგანიზაციის თქმით, პოლიტიკური პარტიები, კანდიდატები და ლიდერები თავიანთ სამიზნე აუდიტორიას ძირითადად გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით ირჩევენ. მისი თქმით, ყველაზე მეტად ამ მეთოდს „ლელო საქართველოსთვის“ მიმართავს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფეისბუქ რეკლამების მნახველთა ადგილმდებარეობებს შორის, თბილისის შემდეგ, მეორე ადგილს აჭარის რეგიონი იკავებს. პარტიის ანტითურქული შინაარსის მქონე რეკლამების მნახველთა აუდიტორიას უფრო მეტად მამაკაცები წარმოადგენენ. კიდევ ერთი პარტია, რომლის რეკლამების სამიზნეც ძირითადად მამაკაცები არიან, „ქართული მარშია“. „სამართლიანი არჩევნების“ თქმით, მამაკაცები, საშუალოდ, პარტიის რეკლამების მნახველთა 86%-ს წარმოადგენენ.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ „გირჩის“ პოლიტიკური რეკლამები, ძირითადად, 18-დან 35 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებლებისკენაა მიმართული. პარტია რეკლამის სამიზნე აუდიტორიად თითქმის არასდროს ირჩევს 44 წელზე მეტი ასაკის მომხმარებლებს.
ორგანიზაციის სხვა მიგნებები ასეთია:
- ევროპული საქართველოს ლიდერების ასაკობრივი აუდიტორიები ხშირად განსხვავდება ერთმანისგან;
- პარტია „თავისუფალი საქართველოსა“ და მისი ლიდერის – კახა კუკავას გვერდებზე პოლიტიკური რეკლამების მნახველთა აუდიტორიის ადგილმდებარეობებს შორის 12-დან 37%-მდე ოკუპირებულ აფხაზეთზე მოდის;
- ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქალებზე გათვლილ რეკლამას ათავსებს, რომელიც მათ „ღირსეულ დეკრეტულ შვებულებას“ სთავაზობს;
- პარტია „ევროატლანტიკური ვექტორის“ პოლიტიკური რეკლამების 87%-ისთვის სამიზნე გეოგრაფიულ ადგილს მხოლოდ თბილისი წარმოადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)