Site icon Civil.ge

ემილ ვანდერველდე: რუსეთის მთავრობა ვერ იტანს სინათლეს [საქართველოს]

ევროპელ სოციალისტთა ოფიციალური შეხვედრა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან. ცენტრში ნოე ჟორდანია, მისგან მარჯვნივ ისიდორე რამიშვილი და ემილ ვანდერველდე. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 17-18 სექტემბერი, N210-211

ვანდერველდეს სიტყვა მუშათა ორგანიზაციების საზეიმო სხდომაზე

საქართველოს ძმებს, სოციალისტებს – ძმური სალამი დასავლეთის ინტერნაციონალისტებისაგან. ჩვენი დელეგაციის სახელით თქვენს წინაშე მე მივესალმები ნამდვილ კეთილშობილსა და სოციალიზმის წმინდა სახეებს – ნოე ჟორდანიასა და კარლ კაუცკის.

მე ბედნიერი ვარ მივესალმო ნოე ჟორდანიას. როდესაც მას ვხედავ, იმ დროს მე ვფიქრობ, არც კი იქნება მეორე ქვეყანა. სადაც ერთი და იგივე კაცი ერთი დღის განმავლობაში მისალმებოდა ჩვენს დელეგაციას: სადგურზე, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, დამფუძნებელ კრებაში, როგორც მთავრობის თავმჯდომარე და აქ როგორც მუშათა ორგანიზაციების მეთაური, მე ვწითლდები ფიქრით: ნოე ჟორდანია რომ ბელგიაში მოსულიყო, მეც მივიღებდი მას სახალხო სახლში მაგრამ, მივიღებდი როგორც ბელგიის სამეფოს მთავრობის ვიცე-თავმჯდომარე, მაგრამ შემიძლია განვაცხადო, რომ ბელგიის პროლეტარიატი მიიღებდა მას მხურვალეთ და ხელ გაშლილათ.

მე ვწუხვარ, რომ ჩვენთან არ არის კარლ კაუცკი, რომელიც ყოველ მძიმე მომენტში ჩვენი დამცველი იყო: მე მსურდა, რომ ის ჩვენთან ყოფილიყო. საუკეთესო ჯილდო იქნებოდა – დაგვენახა განხორციელებული მისი სათაყვანებელი ფიქრები. აქ ამ ორ დაუვიწყარ დღეებში ჩვენ დავინახეთ ის, რაც არას დროს არ დაგვავიწყდება. დემოკრატიის იდეების განხორციელება და დავინახეთ გზა, რომლითაც მიდის საერთაშორისო სოციალიზმის იდეალების განხორციელება. პირველად ვხედავთ ჩვენ გაერთიანებულ არა მარტო სოციალისტურ პროლეტარიატს, არამედ მთელ ხალხებს, გამსჭვალულს სოციალიზმით. ამ ხალხისა და მისი ჯარის ბრძოლით მონაწილეობა აუცილებელია სოციალიზმის განხორცილებისა და განმტკიცებისათვის.

იმისათვის, რომ დამხობილიყო ცარიზმის ძლიერება აუცილებელი იყო ძლიერი ბრძოლა. საჭირო იყო ისეთი მებრძოლნი, როგორიც წერეთელი და ჩხეიძე. მე მივესალმები ამ მებრძოლთ და ბრძოლაში დაღუპულ ყველა გმირებს, რომლებმაც თავისუფლებას და სოციალიზმს შესწირეს სიცოცხლე. წყვდიადის დაძლევა ძნელი იყო, რადგანაც თვითმპყრობელობა ძლიერი და დაუძლეველი გვეჩვენებოდა. და მის დასამარცხებლად საჭირო იყო მსოფლიო ომის წყვდიადში ზეციდან რუსეთის რევოლუციის ელვის მოვლინება. მე ვამბობ, რუსეთის რევოლუციას არ უარყოფთ, მაგრამ მე თქვენი მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ვკიცხავ მას, რაც ანგრევს სოციალიზმს. ბოლშევიკები ამტკიცებენ, რომ შეიძლება სოციალიზმის აშენება უდემოკრატიოთ, ჩვენ ვამბობთ, არ არის დემოკრატია უსოციალიზმოთ, ისე როგორც არ შეიძლება სოციალიზმი უდემოკრატიოთ. განსაჯეთ როგორც სწერია სახარებაში მათი საქმისდა მიხედვით. სამართალი გვიჩვენებს ის რომ ბოლშევიზმის ნაყოფი – მხოლოდ მტვერი და ნაცარია. გასაგებია, ამიტომ, რომ როდესაც საქართველოს მუშებს სურდათ რუსეთის საზღვარზე გადასვლა რუსეთის მუშათა მდგომარეობის გასაცნობათ, მათ შესძახეს – უკანვე.

რუსეთის მთავრობა ვერ იტანს სინათლეს. საქართველოს მთავრობა არა თუ უშვებს უცხოელ სოციალისტებს თავის სახელმწიფოში, არამედ თვით მოუწოდებს მათ და ფართეთ უხსნის კარებს.

იმ გაჭირვებათა შორის, რომელსაც განიცდის საქართველო უნდა აღინიშნოს უპირველესად ყოვლისა მისი ფინანსიურ-ეკონომიური ხასიათის გაჭირვება. რომელიც ცარიზმის მემკვიდრეობას წარმოადგენს. ამ დაბრკოლების დასაძლევათ საჭიროა სახელმწიფოს სასწრაფო ძალების განვითარება და კერძოთ საქართველოს მადნების დამუშავების გაძლიერება უცხოეთის ტეხნიკით და კაპიტალის დახმარებით.

საქართველომ უნდა მოიპოვოს შეთანხმების დიდი სახელმწიფოებისაგან (ანტანტის წევრთაგან) ერთა ლიგაში შესვლის უფლება. ჩვენი დელეგაცია, ევროპაში დაბრუნებისთანავე უპირველეს ყოვლისა ამ საკითხს მიაქცევს ყურადღებას.

საქართველოს სხვა დაბრკოლებაც აქვს. საქართველოს დემოკრატიული ქვეყანაა, ამასთანავე აქ კაპიტალიზმი სათანადოდ არაა განვითარებული. ამან შეიძლება გამოიწვიოს უცხოეთის კაპიტალის გავლენა ადგილობრივ ამშენებლობაზე. მე ამის შესახებ ველაპარაკე ნოე ჟორდანიას, რომელმაც მიპასუხა:  მართალია ჩვენ ვიხმობთ უცხოელ კაპიტალისტებს, მაგრამ მთავრობა ზრუნავს შეიძინოს აქციათა მეტი ნაწილი რათა საქმეს მისი გავლენის ქვეშ იყვესო. ეს აზრი სწორია. ასეთი გზით კაპიტალი შეიძლება მოიზიდო და არა მასში გაითქვიფო.

ახლა მე შევეხები საფრთხეს, რომელიც საქართველოს საზღვრებს ემუქრება. საქართველოს საზღვრავს ორი დიდი დანგრეული სახელმწიფო – ბოლშევიკური რუსეთი და ნაციონალისტური ოსმალეთი. საქართველო აზიის შვეიცარიაა და როგორც შვეიცარიაში ისე საქართველოში დევნილნი პოვებენ თავშესაფარს. ქართველ ხალხს მოკავშირეებით ყავს. ხალხში იმდენათ გამჯდარია თავისუფლებისადმი სიყვარული, რომ ის ყოველგვარ ტირანიას, ლენინის იქნება ის თუ ნიკოლოზ მეორის, მედგრად შეებრძოლება. მსოფლიო სიყვარულისთვის პრომეთემ ზეცას ცეცხლი მოსტაცა. განრისხებულმა ის კავკასიის ქედზე მიაჯაჭვა, და ყვავ-ყორანი კორტნიდა მას. ამ გვარადვე ცარიზმმა საქართველოს მთაზე მიაჯაჭვა საქართველო. მაგრამ ქართველმა პრომეთემ გაინთავისუფლა თავი და მას აღმოუბრწყინა წითელი რიჟრაჟი სოციალური რევოლუციისა, რომელსაც საქართველო ბედნიერებისა და თავისუფლებისაკენ მიჰყავს.