ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ – 16 სექტემბერს სამგორში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, მართლმსაჯულების სისტემის „დამოუკიდებლობის“ მიზნით განსახორციელებელი რეფორმების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ოპოზიციური პარტიების თქმით, შეთანხმება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემის „რეალური დამოუკიდებლობისა“ და „ნდობის გაზრდის“ მიზნით რეფორმების გატარებას გულისხმობს. შეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმას მოიაზრებს.
შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია:
- შინაგან საქმეთა სამინისტრო
- პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;
- თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც სცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;
- ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.
- პროკურატურა:
- ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;
- პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;
- ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;
- დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, აღარ უნდა არსებობდეს ისეთი „რეპრესიული“ სისტემები, როგორებიც სუსი და პროკურატურაა და ადამიანებს მათ „უსაფრთხოებაზე მზრუნველი შერიფების“ არჩევის უფლება უნდა მიეცეთ.
ევროპული საქართველოს წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით, „გავითვალისწინეთ წარსული შეცდომები და წესრიგი აღარ დამყარდება ადამიანის უფლებების ხარჯზე“.
პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმებაზე ხელის მოწერა სხვა ნებისმიერ პარტიას შეეძლება.
ეს მეორე შეთანხმებაა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. პირველ შეთანხმებას სასამართლო სისტემის რეორგანიზაციაზე ოპოზიციურმა პარტიებმა მარტში მიაღწიეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)