სოციალური მედიაგიგანტის Facebook-ის 17 სექტემბრის განცხადებით, კომპანია საქართველოში მომავალი კვირიდან ფაქტების გადამოწმების პროგრამას აამოქმედებს.
პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციისა“ (GRASS) და „მედიის განვითარების ფონდის“ პროექტების – Factcfeck.ge-ისა და „მითების დეტექტორის“ Facebook-თან პარტნიორობით ამოქმედდება და მისი მიზანი პლატფორმაზე გავრცელებული ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გამოვლენა იქნება.
„ინფორმაციას, რომელსაც ფაქტების გადამოწმების პორტალი სიყალბედ შეაფასებს, Facebook-ი საინფორმაციო ველის ქვედა ნაწილში განათავსებს“, – აცხადებენ Facebook-ში და დასძენენ, რომ „ეს ნიშანდობლივად შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და, ასევე, შემცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომელსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს“.
ამასთან, სოციალური მედიაგიგანტის განცხადებით, „გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ეცდებიან, გააზიარონ ცრუ ინფორმაცია, ავტომატურად შეეზღუდებათ მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობები“.
ამავე განცხადებით, ფაქტების გადამოწმების პორტალის მიერ ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook-ი „თვალსაჩინოდ მონიშნავს“, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემთ, გაარჩიონ „სიმართლეა თუ არა პოსტი, რომელსაც ხედავენ, ან რომლის გაზიარებაც სურთ“.
Facebook-მა თავის პლატფორმაზე გავრცელებული მასალების სიზუსტის შეფასების მიზნით ფაქტების გადამოწმების პროგრამა 2016 წელს ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობით წამოიწყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)