ოკუპირებული ცხინვალის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ტელეარხმა „ირ“ გააშუქა, იმ შეშფოთებაზე ისაუბრა, რაც საზოგადოებასა და ოპოზიციაში დაკავებულ ინალ ჯაბიევის, სავარაუდოდ, წამებით გარდაცვალებას მოჰყვა.
ოკუპირებული რეგიონის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ ის გადადგომას არ აპირებს და ხაზი გაუსვა, რომ მის გადადგომას მხოლოდ 500 მომიტინგე ითხოვს. „მე პრეზიდენტად [მხოლოდ] 500 ადამიანს არ ავურჩევივარ. პრეზიდენტი აქ დარჩება მომდევნო არჩევნებამდე, რომელიც 2022 წელს გაიმართება“, – განაცხადა ბიბილოვმა.
მანვე თქვა, რომ იგი არც ოკუპირებული რეგიონის „გენერალური პროკურორის“ ურუზმაგ ჯაგაევის გათავისუფლების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებს. ბიბილოვმა ოპოზიციური პოლიტიკოსები იმის გამო გააკრიტიკა, რომ სისხლის სამართლის საქმე „პოლიტიკურ ჭრილში“ გადაიტანეს და დასძინა, რომ ჯაგაევს თანამდებობიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გაათავისუფლებენ, თუკი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
ოკუპირებული ცხინვალის „პრეზიდენტმა“ განაცხადა, რომ იგი ჯაბიევის გარდაცვალებასთან, ასევე „შს მინისტრ“ იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ორი პირის ცემასთან დაკავშირებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებას აკონტროლებს. ბიბილოვმა უარყო ბრალდებები, თითქოს იგი პატიმართა არასათანადო მოპყრობის თაობაზე ჯერ კიდევ მაშინ იყო ინფორმირებული, როდესაც მათი ძალადობრივი დაკითხვა მიმდინარეობდა.
შემდეგ, მან 34 წევრიანი „პარლამენტის“ ის 17 „დეპუტატიც“ გააკრიტიკა, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ და ჯაგაევის გადადგოვის მოთხოვნით სექტემბრის დასაწყისში „მანდატები“ შეიჩერეს. ბიბილოვი თქმით, მათ უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის უარი ხელფასებსა და სამსახურებრივი ტრანსპორტის გამოყენებაზეც უნდა ეთქვათ.
ასევე წაიკითხეთ:
- ბიბილოვის მოსკოვში ვიზიტის ფონზე ცხინვალში კრიზისი გრძელდება
- ცხინვალის „პროკურორი“ გადადგომის მოთხოვნებს შანტაჟით პასუხობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)