დღე მშვიდობისა მეგობრებო, როგორც გუშინ გითხარით, დღევანდელი ევროპული ამბების ყურადღებას ევროკომისიის პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას მივაპყრობთ. მაინც რა თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თაის 79-წუთიან გამოსვლაში ევროპარლამენტარების წინაშე?
🇪🇺 მთავარი ამბავი: ევროკომისიის თავკაცმა მტკიცედ მისცა მხარი ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაზე ევროკავშირის პოზიციის კვალიფიციური უმრავლესობით – და არა ერთხმად – გადაწყვეტას. აქვე თითი დაუქნია ზოგ-ზოგიერთს “როგორ ხდება, რომ ევროპის ღირებულებეთან დაკავშირებული უმარტივესი განცხადებების გაკეთებას ვაგვიანებთ, ან როცა ვაკეთებთ მათი ტონი უაღრესად შერბილებულია ანდა სხვა მოტივების მძევლად იქცევა ხოლმეო? თუკი წევრი ქვეყნები იმას გვაყვედრით, ევროპა ზედმეტად ნელიაო, მაშინ დროა ხელი გამოვიღოთ და გადავიდეთ კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღებაზე, ადამიანის უფლებების და სანქციების საკითხებზე მაინცო”. ეს გადაკრული ნათქვამი ბუდაპეშტს ეხება, რომელიც მაგალითად ჩინეთზე და რუსეთზე ითრევს ფეხს; პოლონეთს, რომელიც უნგრეთის ხელსა ჰბანს ხოლმე საპასუხო პატივის მოლოდინში; და ალბათ კვიპროსსაც, რომელსაც ამ დღეებში ბელარუსის სანქციების საკითხი ჰყავს მძევლად ხელში.
🇪🇺 საუბარი იყო შენგენის ზონაზეც, ოღონდ ფონ დერ ლეიენმა არჩია ამ საკითხისთვის ეკონომიკური კუთხიდან შემოევლო და არა მიგრაციულიდან. თავისუფალი გადაადგილება ჩვენი საერთო ეკონომიკური მოდელის წარმატების საწინდარია და მის დასაცავად ყველაფერი უნდა ვიღონოთო, უთქვამს მომხსენებელს. კოვიდ-19-ს გავრცელებაზე მთავრობების თავკერძა და პანიკურმა რეაქციამ ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება – მათ შორის საქონლისა – ფრიად შეაფერხა და ევროკომისიას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამ კვანძის გასახსნელად. ჩანს, ეს გამოცდილება არ დავიწყნიათ ბელრეიმონის შენობის მეცამეტე სართულზე.
🇪🇺 მწარე ხელი მოხვდათ მალტასა და კვიპროსს “ოქროს პასპორტების” გაყიდვისთვის – ამ ქვეყნებში შეიძლება უცხო (და მტრული) ქვეყნის ოლიქარქმა ევროპული პასპორტი ინვესტიციების ჩადების საფასურად მიიღოს და ამით თავი დაიცვას სანქციებისაგან, ანდა თავისი უნამუსოდ მოპოვებული ფული ევროკავშირში გადამალოს. ამ უმსგავსობას ბოლო უნდა მოეღოსო, უთქვამს ევროკომისიის პრეზიდენტს და ორ ქვეყანას შეპირებია, თქვენს წინააღმდეგ საგანგებო გამოძიებას ვიწყებთო.
🇪🇺 ევროპულ საქმეებზე დამკვირვებლები ამბობენ, რომ ამ გამოსვლაში ქალბატონმა თავმჯდომარემ ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა და ქვეყანას ჩამოურიგა საჩუქრებიო – ზოგს მომცრო და ზოგსაც – მოზრდილი. კლიმატის ცვლილებასა და მრავალმხრივი დიპლომატიის გაძლიერების შესახებ მის სიტყვებს აპლოდისმენტებით შეეგებნენ, ადამიანის უფლებების დარღვევისათვის სანქციების, ლგბტი-ჯგუფებისათვის მხარდაჭერის თემებსაც კმაყოფილება მოჰყვა შესაბამის პოლიტიკურ ჯგუფებში. ქვეყნებს რაც შეეხება – საფრანგეთმა მისი კომისრის მიერ ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოტანილი წინადადებების სრული მხარდაჭერა მიიღო. იტალიამ – ჯანდაცვის თემაზე დიდი კონფერენცია, რომელიც დიდი ოცეულის მისეულ ხელმძღვანელობას ისე მოუხდება, როგორც შემწვარ გოჭს – პირში ბოლოკი. კარგად უსწავლია ევროპარლამენტის და ევროპული დედაქალაქების ტოპოგრაფია კომისიის თავმჯდომარესო, ამბობენ ჟურნალისტები.
🇪🇺 რუსეთს რაც შეეხება, ევროკომისიის პრეზიდენტმა ღიად დასდო მოსკოვს ბრალი ევროპის საქმეებში ხელის ფათურსა და შინ თუ გარეთ უფლებების შელახვაში, ოღონდ მეტი კონკრეტული არაფერი უთქვამს. მსგავსადვე, ჩინეთზე ითქვა, რომ ღირებულებები მკვეთრად განსხვავებული გვაქვს, ჰონკონგსა და უიგურების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე არ გავჩუმდებით, ოღონდაც სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასაც უნდა ვეცადოთო.
🇪🇺 ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გამოსვლამ ტაშის გრიალში ჩაიარა. პირიქით, გამოსვლის შემდეგ კითხვებსა და სიტყვებში ფონ დერ ლეიენს ბევრი ქვა ესროლეს, მწვავე კითხვებიც დაუსვეს და კომისიის მუშაობით უკმაყოფილებაც ბევრი იყო – ყველა პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლისაგან. ასეა, პარლამეტი იმის პარლამენტია, რომ აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს აქ იოლი გასეირნების იმედი ვერასოდეს უნდა ჰქონდეს. გამოცდილი ევროპელი პარლამენტარები თავიანთ ახლადმოპოვებული დამატებითი უფლებების ტაშით ხელიგულების გაცვეთაში გაფლანგვას არ აპირებენ – და ეს კარგის ნიშანია, თუკი კრიტიკასთან ერთად ღირებული გადაწყვეტილებების მიღებასაც მოახერხებენ.
დღეს სულ ეს იყო ჩვენს საგანგებო გამოშვებაში, ხვალ უფრო ზოგადი მიმოხილვით დაგიბრუნდებით.