შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლის, 22 წლის გიორგი ხუმარაშვილის „თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე“ 18 სექტემბერს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
შსს-ს ცნობით, გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა 17 სექტემბერს სცადა, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. უწყება საქმის სხვა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულთან, ზურაბ ბექაურთან დაპირისპირება უძღოდა. კერძოდ, „მთავარი არხის“ ცნობით, ბექაური გიორგი ხუმარაშვილისგან მეჭიაურის შესახებ „დეტალური ინფორმაციის“ მიწოდებას ითხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი – მას დაემუქრა.
თავად ბექაური ხუმარაშვილთან კონფლიქტს ადასტურებს, თუმცა მისი მხრიდან მუქარასა და თამაზ მეჭიაურის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვების მცდელობას უარყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)