გაზ. ერთობა, 1920 წლის 21 სექტემბერი, N214
ედ. ბერნშტეინის წერილი ვლ. ახმეტელაშვილისადმი. 22 აგვისტო 1920 წელი.
[1920 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ ევროპის სოციალისტთა დელეგაციის ვიზიტში მონაწილეობისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ახმეტელაშვილმა მოწვევა გაუგზავნა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გამორჩეულ მარქსისტ თეორიტიკოსს, გერმანიის რაიხსტაგის დეპუტატს ედუარდ ბერნშტეინს].
დიდათ პატივცემულო და ძვირფასო ამხანაგო ახმეტელი!
თქვენი გულითადი წერილი, ამა თვის 18-ში დაწერილი, მე მივიღე. დიდი მადლობა თქვენ და თქვენ მეგობრებს ჩემი მოწვევისათვის. მე ძლიერ მინდა მივიღო თქვენი მოპატიჟება [საქართველოში]! ყველაფერი ის, რასაც თქვენ მწერთ, ძლიერ მიზიდავს მე, და ამას გარდა კიდევ ბევრი სხვა რამ, საზოგადო პოლიტიკური მოსაზრებები, აძლიერებენ ჩემში თქვენი სამშობლოს ნახვის სურვილს მაგრამ მთელი რიგი ვალდებულებებისა, რომლებიც მე უნდა შევასრულო მომავალ თვეში, მძლავრათ მეუბნება მე თავის „არა“-ს! ეს სინამდვილეში ძვირფასო ამხანაგო, სავსებით შეუძლებელია! მე იძულებული ვარ უარი ვსთქვა საქართველოში წამოსვლაზე, რომელიც მით უფრო სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის, რომ მასში მონაწილეობას იღებენ მეტათ ძვირფასი ამხანაგები. მე ვიმედოვნებ, რომ იქნება ხელსაყრელი შემთხვევა, რომელიც მე მომავალში მომცემს ასეთი მოგზაურობის შესაძლებლობას.
ჩემი მხურვალე სურვილია გამაგრება და აყვავება საქართველოს სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკისა. იმისათვის, რომ საქართველო ჩემი სულისათვის ძვირფასი გახდეს სრულიადაც არ არის საჭირო ჩემი იქ მოგზაურობა. მე ახლა უფრო ღრმათ ვარ დარწმუნებული, ვიდრე ოდესმე, რომ საქართველოს კულტურული ერის დამოუკიდებლობის აუცილებლობაში, და ამასთანავე მშვენივრათ ვიცი, რომ ამ დამოუკიდებლობას ყველაზე უფრო უზრუნველყოფს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია თავისი ფხიზელი და ნათელი გონებით, ისტორიულ მოვლენათა მსვლელობის შეგნებით. დე, უხელმძღვანელოს მან იმის ბედს, ქართველი ხალხის საკეთილდღეოთ!
თქვენი ერთგული ედუარდ ბერნშტეინი