Site icon Civil.ge

2021: შოტლანდიის გადამწყვეტი არჩევნები

შოტლანდიის პარლამენტი (Holyrood). ფოტო: შოტლანდიის პარლამენტის ვებ-გვერდი.

მომავალი წლის მაისში გავიგებთ, შოტლანდიის პარლამენტის არჩევნები ნაციონალისტების „ბანოკბერნის ველი“ გახდება, სადაც 1314 წელს ლეგენდარული რობერტ ბრიუსის მეთაურობით შოტლანდიელებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, თუ უნიონისტების „კალოდენი“, რომლის მინდვრებზეც 1746 წელს ლონდონმა შოტლანდიელთა მორიგი აჯანყება ჩაახშო და ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი დიდი ხნით დახურა.

რა ხდება:

გაისად მაისში შოტლანდიაში ადგილობრივი პარლამენტის არჩევნები გაიმართება, რომელიც გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შოტლანდიის მომავალს გადაწყვეტს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:

მთავარი პოლიტიკური ძალა, შოტლანდიის ეროვნული პარტია არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებასა და ამის საფუძველზე, დამოუკიდებლობის ახალი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნის მანდატის მოპოვებას ელოდება. შოტლანდიელი ნაციონალისტების ამ მოლოდინს უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებიც ამყარებს. გაერთიანებული სამეფოს რეალურ ერთიანობასა და სიმტკიცეს კიდევ ერთი გამოცდა მოელის.

რას უნდა მოველოდეთ:

ანალიზი:

შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხი დღის წესრიგში მუდმივად დგას, ხოლო გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ისეთი საკვანძო მოვლენის გამო, როგორიცაა ბრექსიტი, ეს თემა განსაკუთრებით მწვავდება.

2016 წლის რეფერენდუმზე შოტლანდიელების 62%-მა მხარი ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა. შოტლანდიელ ნაციონალისტებს მიაჩნიათ, რომ ბრექსიტის შემდეგ, შოტლანდია როგორც დამოუკიდებელი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უკეთ განვითარდება.

მომავალი წლის მაისის არჩევნები უკვე დღეს შეფასებულია გარდამტეხ მოვლენად გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში მისი მომავლისათვის.

მთებში ამოსული ნარშავი

ცნობილი მსახიობისა და კინო-რეჟისორის, მელ გიბსონის ლეგენდარული (თუმცა ისტორიული სიზუსტის მიხედვით სათუო) ფილმის „მამაცი გული“ დამსახურებით, სადაც ქვეყნის ეროვნული გმირ უილიამ უოლასის მეთაურობით შოტლანდიელები ინგლისელებს ებრძვიან, შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხი ფართო საზოგადოებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიცნო, თანაც რომანტიზებულად.

სინამდვილეში, შოტლანდია, რომელიც ერთიან სახელმწიფოდ მე-12-13 საუკუნეებში ჩამოყალიბდა და პიქტებითა და ირლანდიიდან მოსული, აგრეთვე კელტური წარმოშობის ხალხით დასახლებულ ტერიტორიებსა და ანგლოსაქსური ნორთუმბრიის სამეფოს ჩრდილოეთ ნაწილს მოიცავდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ფაქტობრივად მე-18 საუკუნის დადგომამდე რჩებოდა, თუ არ ჩავთვლით ინგლისის მეფე ედუარდ პირველის ხანასა და შემდგომ რამდენიმე ათწლეულს.

ვითარება 1706-1707 წლებში შეიცვალა, როცა უკიდურესი პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეების გამო შოტლანდიელები ინგლისთან პოლიტიკურ კავშირს დათანხმდნენ და „გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების“ დადებით „გაერთიანებული სამეფო“ შექმნეს.

მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში შოტლანდიელებმა დამოუკიდებლობის მოთხოვნით რამდენჯერმე აიღეს ხელში იარაღი, თუმცა უშედეგოდ.  შოტლანდიელთა ეროვნული თვითშეგნების ხელახალი აღორძინება მე-18-19 საუკუნეების მიჯნაზე მოხდა, რასაც საფუძველი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ცნობილი მწერლის, უოლტერ სკოტის ისტორიულმა ნაწარმოებებმა დაუდო.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის იდეა ხელახალ ბიძგს უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გემთმშენებლობისა და ქვანახშირის მოპოვების შემცირების გამო ქვეყნის ინდუსტრიულ მხარეებში უმუშევრობის ზრდის პარალელურად იწყებს.

1980-იანი წლების ბოლოს მთელი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე საცხოვრებლის საერთო გადასახადის შემოღებამ შოტლანდიელთა უკმაყოფილება გამოიწვია და ქვეყნის შიდა საკითხების დამოუკიდებლად მართვის მოთხოვნა გააჩინა. მე-20 საუკუნის მიწურულს ლონდონი შოტლანდიელთა განწყობას გამოეხმაურა და, შესაბამისი რეფერენდუმის საფუძველზე, 1999 წელს ედინბურგში ადგილობრივი პარლამენტი შეიკრიბა, ხოლო 2014 წელს ვესტმინსტერმა შოტლანდიელ ნაციონალისტებს ქვეყნის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების ნებაც დართო. თუმცა მაშინ მოსახლეობამ მხარი გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას მისცა.  

„სადაც თორმეტი მთიელი და ერთი გუდასტვირია, იქ აჯანყებაა“ (შოტლანდიური ანდაზა)

მიმდინარე წლის 1 სექტემბერს მმართველი „შოტლანდიის ეროვნული პარტიის“ ლიდერმა და ქვეყნის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სთარჯენმა თავისი მთავრობის 2020-2021 წლების გეგმა წარადგინა, რომლის თანახმად, მთავრობა მომავალი წლის მაისის ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებამდე შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე ახალი რეფერენდუმის გამართვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს გამოაქვეყნებს. პირველი მინისტრის სიტყვებით, მომავალი წლის არჩევნებზე პარტიის ძირითადი დაპირება სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხის დაყენება იქნება.

„მიმდინარე საპარლამენტო ვადის დასრულებამდე ჩვენ გამოვაქვეყნებთ კანონპროექტს, სადაც განსაზღვრული იქნება დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვის პირობები და ვადები და ასევე ის კონკრეტული კითხვა, რომელზეც მოქალაქეებს პასუხის გაცემა მოუწევთ“, – ნიკოლა სთარჯენი.

სთარჯენის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის შედეგებისა და ბრექსიტის კომბინაციამ შოტლანდიის „დაცვისა და განახლებისთვის“ ქვეყნის პარლამენტის შესაძლებლობების შეზღუდულობა წარმოაჩინა.

დამოუკიდებლობის მომხრე ედინბურგის ამჟამინდელი მთავრობა ახალი რეფერენდუმის საკითხის დაძვრას მიმდინარე წლის შემოდგომაზე გეგმავდა, თუმცა რადგან ახლა მთავრობა პანდემიას უმკლავდება, ამ საკითხმა მომავალი წლის გაზაფხულამდე გადაიწია.

ნაციონალისტების სტაბილური წარმატება

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელი ნაციონალისტები 2007 წლიდან დღემდე „ჰოლირუდში“ (როგორც შოტლანდიის პარლამენტს ხშირად მოიხსენიებენ) მთავრობას უმრავლესობით ან უმცირესობით მუდმივად ქმნიან, ხოლო გაერთიანებული სამეფოს 2019 წლის დეკემბრის საყოველთაო არჩევნების შედეგად, პარტიამ ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში შოტლანდიის 59 ადგილიდან 47 მოიპოვა, რაც უდიდეს წარმატებად არის მიჩნეული.

სწორედ 2019 წლის დეკემბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ გადააქცია სთარჯენმა დამოუკიდებლობის ახალი რეფერენდუმის გამართვა პარტიის საარჩევნო მანიფესტის ნაწილად. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ლონდონს ახალი რეფერენდუმის ჩატარების უფლების მისაღებად მაშინვე ფორმალურადაც კი მიმართა, თუმცა ცენტრალურმა მთავრობამ აღნიშნული მოთხოვნა ოფიციალურადვე უარჰყო.

კრიტიკული კითხვები

კრიტიკოსები შოტლანდიის მთავრობას დამოუკიდებლობის ახალი რეფერენდუმის საკითხის პანდემიის დროს, ანუ გაჭირვების დროს უდროოდ წამოჭრასა და ეკონომიკური გამოწვევებით გაღვივებული მოსახლეობის უკმაყოფილებით სარგებლობაში სდებენ ბრალს.

ამასთან, შოტლანდიელები პასუხს მოითხოვენ უფრო კონკრეტულ კითხვებზეც:

„გაერთიანებული სამეფო ყველაზე წარმატებული პოლიტიკური გაერთიანება ისტორიაში“,

ბორის ჯონსონი

ლონდონის მოზომილი უარი

შოტლანდიის პირველი მინისტრის 1 სექტემბრის განცხადებას ლონდონი ოფიციალურად არ გამოხმაურებია, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში სთარჯენისადმი მიწერილ წერილში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახალი რეფერენდუმი „გააგრძელებს იმ პოლიტიკურ სტაგნაციას, რომელსაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში შოტლანდიაში აქვს ადგილი“.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ მან გამოწვლილვით შეისწავლა და მხედველობაში მიიღო წარმოდგენილი არგუმენტები, თუმცა, მისი თქმით, დამოუკიდებლობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია 2014 წლის რეფერენდუმზე, რომელიც შოტლანდიელი ნაციონალისტების ამჟამინდელი ლიდერისა და მისი წინამორბედის ალექს სელმონდის დაპირებით „თაობაში ერთი“ რეფერენდუმი უნდა ყოფილიყო.

პრემიერ-მინისტრის სიტყვებით: „შოტლანდიელმა ხალხმა გაერთიანებული სამეფოს ერთიანობის შენარჩუნებას დამაჯერებლად დაუჭირა მხარი და შოტლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებმა … ამ შედეგის პატივისცემის ვალდებულება იკისრეს“.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკურ რომანტიზმს ეკონომიკურ რაციონალიზმს უპირისპირებს და უთითებს იმ უზარმაზარ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომლებსაც შოტლანდიას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენა უქმნის. ამასთან, ლონდონი მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ ახალი რეფერენდუმის გამართვის უფლების მინიჭება სწორედ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, ვესტმინსტერის პრეროგატივაა.

კონსერვატორების  გულისყური – შოტლანდიას

2019 წლის დეკემბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში დამაჯერებელი უმრავლესობით მოსული კონსერვატიული მთავრობის ერთ-ერთი დაპირება კონკრეტული რეგიონებისა და მთლიანად გაერთიანებული სამეფოს გაძლიერება და მისი შემადგენელი ნაწილების ურთიერთქმედების გაუმჯობესების ხელშეწყობა იყო. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ერთ-ერთი მთავარი ობიექტი შოტლანდიაა.

მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შოტლანდიაში ჩავიდა, რათა, სხვა საქმეებთან ერთად, ადგილზე პირადად გაცნობოდა პანდემიასთან ბრძოლის პროცესს. ამას შოტლანდიაში ბრიტანეთის ხაზინის კანცლერის, რიში სუნაკის სტუმრობა მოჰყვა, რის მიზანიც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავების შეფასება იყო.

შოტლანდიაში უნიონისტების პოზიციების გასაძლიერებლად ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აგვისტოს დასაწყისში ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის შოტლანდიური ფრთის – „შოტლანდიელი კონსერვატორების“ ლიდერად ახალგაზრდა, თუმცა უკვე გამოცდილი პოლიტიკოსის, დუგლას როსის დანიშვნა იყო.

ახალი ლიდერის მთავარი მიზნები ნაციონალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მომავალი წლის არჩევნებისთვის მზადება და ადგილობრივ ხელისუფლებაში შოტლანდიის ეროვნული პარტიის ჩანაცვლებაა. ამასთან, შოტლანდიაში ცენტრალური ხელისუფლების პოზიციების გასაძლიერებლად სექტემბრიდან ედინბურგის ცენტრში ბრიტანეთის მთავრობის ახალი ადმინისტრაციული  წარმომადგენლობა გაიხსნება, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ლონდონსა და შოტლანდიას შორის კავშირის წახალისება და მასზე ზრუნვა იქნება.  

მომავლის ხედვა

შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხი რომ ხელახლა დაძრას,  შოტლანდიის ეროვნულ პარტიას „ჰოლირუდში“ საგრძნობი უმრავლესობა დასჭირდება, რათა თავის მოთხოვნას ლეგიტიმურობა შესძინოს. უამისოდ, რეფერენდუმისთვის ცალმხრივი მზადება უმეტესწილად სიმბოლურია, რადგან ვესტმინსტერის ნებართვის გარეშე ნაციონალისტებს საკითხის დაყენების სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ. თუკი მათ უკან შოტლანდიის ამომრჩეველი მყარად იდგება, პარლამენტის აზრზე ზეგავლენის მეტი შესაძლებლობა იარსებებს.

ბოლო დროის კვლევის შედეგები მოწმობს, რომ შოტლანდიაში ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა რაოდენობა (47,9%) მოწინააღმდეგეებისას (44%) აჭარბებს. თუმცა, გასათვალისწინებელია მოყოყმანე მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელიც დაახლოებით 7,7%-ს შეადგენს.

მომავალი წლის მაისამდე ჯერ კიდევ დიდი დრო რჩება. უცნობია, როგორ დასრულდება „ბრექსიტის“ პროცესი და რა მიმართულებით შეიცვლება პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება. შესაბამისად, როგორც შოტლანდიის პარლამენტის არჩევნების შედეგების, ისე რეფერენდუმის გამართვის პროგნოზირება რთულია, თუმცაღა უკვე ცხადია, რომ მაისის არჩევნები შოტლანდიისთვისაც და დიდი ბრიტანეთის მომავლისთვისაც გარდამტეხი მოვლენა იქნება.