Site icon Civil.ge

DRI: ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონი საფრთხეს შეიცავს

საქართველოს პარლამენტი, ფოტო: facebook.com/parliamentgeo/

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) 21 სექტემბრის განცხადებით, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებით, რომელთა საფუძველზეც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შესაძლებლობა ექნება, რომ შეუზღუდავი წვდომა ჰქონდეს საჯარო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიების, მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების ინფორმაციაზე, სუს-ის უფლებამოსილება „უკონტროლოდ“ იზრდება.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განმარტებით, ცვლილებებით „კრიტიკული ინფორმაციის სუბიექტების“ ნუსხა მტკიცდება. „იმ პირობებში, როდესაც კრიტიკული ინფორმაციის სუბიექტების საკანონმდებლო განმარტება უკიდურესად ზოგადია და არ არსებობს შერჩეულ ორგნიზაციათა კლასიფიკაციის ნათელი კრიტერიუმები, იქმნება უფლებამოსილების გადაჭარბების და თვითნებობის რეალური რისკები“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამავე განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ფაქტობრივად, „შეუზღუდავი კონტროლის გავრცელების“ უფლება ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოსა და პარლამენტის ინფორმაციულ სისტემებზე. ორგანიზაციისვე თქმით, „საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების მოტივით, სააგენტოს ეძლევა უკონტროლო შემოწმების უფლება“. ამასთან, „იზრდება ამ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების პირად კომუნიკაციაზე, ჩანაწერებზე და პერსონალურ ინფორმაციაზე უკონტროლო წვდომის რისკები“.

„დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებით, კანონპროექტი „ყველა კრიტიკულ ინფორმაციულ სუბიექტში“ ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების დანიშვნას ითვალისწინებს.

„პროექტის თანახმად, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებად შესაძლებელია განისაზღვრონ პირები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ინფორმაციაზე დაშვებაზე გადაწვეტილების მიღება ხდება სუს-ის უფლებამოსილი ქვედანაყოფის თანხმობით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები შეიცავს ტოტალური კონტროლისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის რისკს. ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ინფორმაციულ აქტივზე წვდომის დაუსაბუთებლად ფართო მანდატს ანიჭებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)