საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, რობერტ ო ბრაიენს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ 23 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, გახარია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის თაოსნობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმა და განაცხადა, რომ „გეოსტრატეგიული ინტერესებისა და საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს აშშ-ის საიმედო პარტნიორსა და მთავარ მოკავშირეს შავი ზღვის ფართო რეგიონში“.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და აშშ-საქართველოს შორის როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ განზომილებებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებას და იმ გამოწვევებს, რომელიც ადგილზე არსებობს“, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.
დისკუსიისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების „თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში“ ჩატარების მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)