ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე 23 სექტემბერს საქართველოს დელეგაციამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2020“ დაგმო და აღნიშნა, რომ რუსეთის „აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს“.
საქართველოს დელეგაციის განცხადებით, რუსული სამხედრო წვრთნები, რომელშიც აფხაზი და ოსი სამხედროები, ასევე სოხუმსა და ცხინვალში განთავსებული რუსული ბაზები მონაწილეობენ, საერთაშორისო სამართლის ნორმების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევაა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციებმა. ამავე ინფორმაციით, გამომსვლელებმა ერთხმად დაგმეს სამხედრო წვრთნების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება და მოუწოდეს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.
ეუთოში ლიეტუვას დელეგაციამ Twitter-ზე დაწერა, რომ „კავკაზ 2020“ საერთაშორისო სამართლის აშკარა უპატივცემულობაა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა.
Regretfully, #Russia🇷🇺 not only continues occupying 20 percent of Georgia's territory, but now also organizes #Kavkaz2020 military drills in it. Yet another blatant disrespect to international law & act of violation of sovereignty and territorial integrity of #Georgia🇬🇪. pic.twitter.com/p6N4dnbBye
— LT_OSCE (@LT_OSCE) September 23, 2020
„ნუ დაგვავიწყდება, რომ 2008 წელს ანალოგიური სამხედრო სწავლება საქართველოს საზღვრის სიახლოვეს გაიმართა. სწავლების დასრულების შემდეგ, რუსი სამხედროები ყაზარმებში დაბრუნების ნაცვლად, დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოში შეიჭრნენ“, – დასძინა ლიეტუვას დელეგაციამ.
რუსული სამხედრო წვრთნები „კავკაზ-2020“, სხვებთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე 21 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)