Site icon Civil.ge

საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს 

დავით ზალკალიანი და ფრანსუა-ფილიპ შამპანი, ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 24 სექტემბერს მის კანადელ კოლეგას, ფრანსუა-ფილიპ შამპანს ტელეფონით ესაუბრა და ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზეც ისაუბრეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზალკალიანმა თავის კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის „ურყევი მხარდაჭერისათვის“ მადლობა გადაუხადა.

ამავე ინფორმაციით, ზალკალიანმა თავის კანადელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „გაუარესებული უსაფრთხოებისა და მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით გადადგმული დესტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯების შესახებ“ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თავის მხრივ, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მინისტრებმა ბელარუსში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კორონავირუსის პანდემიის ზემოქმედება განიხილეს. „კანადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერ მხარდამჭერად რჩება“, – განაცხადა კანადის საგარეო უწყებამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)