Site icon Civil.ge

ოკუპირებულმა ცხინვალმა საქართველოს მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლა

ოკუპირებულ ცხინვალში „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის მოტივით 3 ივლისს დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს, ფოტო: ტელეკომპანია "ფორმულას" ვიდეოდან

საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი, რომელიც ცხინვალის ხელისუფლებამ „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის მოტივით 3 ივლისს დააკავა, 25 სექტემბერს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლების მტკიცებით, მღებრიშვილი რეგიონში შესვლას ლუგარის ლაბორატორიისთვის ღამურების შეგროვების მიზნით ცდილობდა.

მღებრიშვილი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, დღეს, ნაშუადღევს მიიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მღებრიშვილი კოვიდ-19 გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, რვადღიან კარანტინს გაივლის.

ხვიჩა მღებრიშვილის დაკავება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 97-ე შეხვედრის მონაწილეებმა 24 სექტემბერს განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ანთაძემ განაცხადა, რომ მღებრიშვილს დღეს გაათავისუფლებდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)