Site icon Civil.ge

ეუთო საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიას ხსნის 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ოდირი) 25 სექტემბერს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის სადამკვირვებლო მისია გახსნა.

მისია 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან შედგება. დამკვირვებლები 1 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით  გადანაწილდებიან.

ამასთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი  გეგმავს, რომ ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებელის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნების დღემდე რამოდენიმე დღით ადრე მოითხოვოს.

სადამკვირვებლო მისიას ელჩი ჯილიენ სტირკი ხელმძღვანელობს. 2020 წელს სლოვაკეთის რესპუბლიკაში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. მანამდე მას კანადის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროში მაღალი თანამდებობა ეკავა.

ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც არჩევნებამდე ხუთი კვირით ადრე გაიხსნა, დაკვირვების შესახებ ერთ შუალედურ ანგარიშს მოამზადებს.

ეუთო/ოდირის გრძელვადიანმა მისიამ, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, ასევე ერთი შუალედური ანგარიში მოამზადა.

მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას ეუთოსა და ხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო პროცესის ისეთ ფუნდამენტურ ასპექტებს, როგორებიცაა – კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი, წინასაარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობა, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება და საარჩევნო დავების გადაწყვეტა. მისია მედიაში საარჩევნო კამპანიის გაშუქებასაც შეაფასებს.

საბოლოო ანგარიში, რომელიც სადამკვირვებლო პროცესს შეაჯამებს  და რეკომენდაციებს გასცემს, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ გამოქვეყნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)