უნგრეთის თავდაცვის მინისტრი, ტიბორ ბენკო 24-25 სექტემბერს პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისს სტუმრობს. იგი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 25 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე იმსჯელეს.
ამავე ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრელ კოლეგას ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) უნგრელი ოფიცრების აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის ოქმს, რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.
ტიბორ ბენკოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილეს.
ამავე ინფორმაციით, ტიბორ ბენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტიბორ ბენკო ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს გმირთა მოედანზე მიაგებს პატივს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს. შემდეგ უნგრეთის დელეგაცია კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)