საქართველოს მთავრობამ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და რიგითმა მოქალაქეებმა სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავზე, თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალი მოინახულეს და გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმირთა მოედანზე არ გამოჩენილა, მან მხოლოდ წერილობითი განცხადება გაავრცელა და ხაზი გაუსვა, რომ „ძმათაშორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს“.
„როგორც აფხაზებმა ასევე, საქართველოს ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებასა და ჩვენი მომავალი თაობების ნათელი ხვალინდელი დღისათვის საფუძვლის ჩაყრას“, – დასძინა მანვე.
გმირთა მოედანზე მისულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც“. პრემიერმა ასევე დასძინა, რომ „ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს“.
„დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა, თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ „ყველას გვახსოვს, როგორ იცლებოდა ქართველებისგან სოხუმი. ისინი ტოვებდნენ თავიანთ მშობლიურ ქალაქს, რასაც თან სდევდა უამრავი ცრემლიანი და ტრაგიკული ისტორია“.
სახელმწიფო მინიტრის რწმენით, „ძალისხმევა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება“ და რომელიც „ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგების“, ასევე „ქვეყნის გამთლიანებისა“ და მოქალაქეებისთვის „ღირსეული ცხოვრების პირობების“ შექმნისკენაა მიმართული, „შედეგს გამოიღებს“.
27 სექტემბერი საქართველოში აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან და ქართველების ეთნიკურ წმენდასთან ასოცირდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 000 ადამიანი, ძირითადად ეთნიკური ქართველები, დევნილად იქცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)