ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეშფოთება გამოხატა ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და თბილისში, გლდანის რაიონში 27 სექტემბერს საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე და ინციდენტებში ქართული ოცნება დაადანაშაულა. თავის მხრივ, ქართულმა ოცნებამ ანალოგიური ბრალდებები ნაციონალურ მოძრაობას წაუყენა.
ყველაზე დიდი დაპირისპირება, რომელშიც ათობით ადამიანი მონაწილეობდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მდებარე ჩაიხანაში მოხდა.
კახა ოქრიაშვილმა, რომელიც ამჟამად ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებში ოპოზიციური გაერთიანების მაჟორიტარობის კანდიდატია, განაცხადა, რომ ბოლნისის საკრებულოს წევრი „გოჩა მეშველიანის ბანდფორმირება“ ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს, არიფი უსუპოვს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდა, როდესაც იგი ჩაიხანაში მარტო იმყოფებოდა.
თავად მეშველიანმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ პირიქით, „ქვებითა და ხელკეტებით“ თავს ქართული ოცნების აქტივისტებს დაესხნენ.
ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა ბოლნისის ოლქში გოგი მეშველიანმა, რომელიც მედიის ცნობით, გოჩა მეშველიანის ძმაა, არიფი უსუპოვი ინციდენტის პროვოცირებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მიზანი ქართული ოცნების აქტივისტების დაშინება იყო. მისივე განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია სხვა სოფლებიდანაც ვრცელდება.
ძალადობრივ ინციდენტებს დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და ბოლნისში „პროვოკაციასა“ და „ძალადობაში“ ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, ინციდენტი ქართული ოცნების შტაბის წინ მოხდა და დაშავებულები მათი აქტივისტები არიან. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ქართული ოცნების გუნდის წევრებს ხელკეტებით, ქვებით და „მაგიდის გადატეხილი ფეხებით“ დაესხნენ, რის შედეგადაც ოცნების წარმომადგენლებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს და მათი რამდენიმე აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-მ ნახიდურის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გლდანის ინციდენტი
იმავე დღეს კიდევ ერთი ძალადობრივი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გაავრცელა. მისი თქმით, სოფელ გლდანულაში მიმდინარე აქციის დროს მონაწილეებს ქვები დაუშინეს. მელიას განცხადებით, ქვებს ახლომდებარე შენობის სახურავიდან ისროდნენ და ქვა აქციის რომელიმე მონაწილეს რომ მოხვედროდა, თავდასხმა, შესაძლოა, ფატალურადაც დასრულებულიყო.
მელიას თქმით, თავდასხმის მიზეზი ის ფაქტია, რომ ქართული ოცნებაში არჩევნების სავარაუდო წაგებას ნერვიულობენ.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ინციდენტის შეფასებისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მომხდარი გამოსაძიებელია, რადგან „მოცემულობა ზუსტად არ ვიცით, რა იყო“. მანვე მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ პროვოკაციებს არ წამოეგონ.
ინციდენტებს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიაც გამოეხმაურა. მან პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, რომ საკუთარ მხარდამჭერებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდონ. ჟვანიას თქმით, ძალადობრივი ინციდენტები პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება, რომელსაც ხელი როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა მოაწერეს.
ასევე წაიკითხეთ:
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
- „სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)