Site icon Civil.ge

თვითმმართველობა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საფუძველი

სენაკის სამაზრო ერობის ხმოსანთა პირველი ყრილობა, 1918 წელი.

1870-იანი წლების დასაწყისში ნიკო ნიკოლაძის მეთაურობით ქართულ საზოგადოებაში დაიწყო მსჯელობა, საიმპერიო ხელისუფლების წინაშე წამოეყენებინათ საკითხი ამიერკავკასიაში თვითმმართველობების ინსტიტუტების შემოღებისა. თუმცა,  რუსეთის საიმპერიო რეჟიმი შემდგომი ათწლეულების განმავლობაში აფერხებდა მოქალაქეთა ამ  მოთხოვნის განხორციელებას.

1905 წლის რევოლუციის მიმდინარეობისას, რუსეთის თვითმპყრობელობა დასთანხმდა პოლიტიკურ ცვლილებებს, მათ შორის დეცენრტალიზაციის გზით თვითმმართველობების შექმნას განაპირა რეგიონებში, თუმცა  რევოლუციის მარცხის შემდეგ პროცესი ჯერ შენელდა, შემდეგ კი სულაც შეჩერდა.

 1917 წლისათვის, როცა რუსეთის იმპერია ბოლო თვეებს ითვლიდა, ქართულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობები მხოლოდ ცალკეულ ქალაქებში ფუნქციონირებდა, ისიც მეტად შეზღუდული უფლებებით და არადემოკრატიული სისტემით არჩეული.

ტფილისის თვითმმართველობის შენობა

თვითმმართველობების არარსებობით გამოწვეულ სირთულეებს ადგილობრივ დონეზე მოქალაქეები თვითორგანიზებით უპირისპირდებოდნენ. თვითორგანიზების შედეგად იქმნებოდა სოლიდარობის ქსელები, კომუნები, კოოპერაციული გაერთიანებები, სახელოსნოები, სახალხო სკოლები, სახალხო თეატრები, სასოფლო ბიბლიოთეკები,  სახალხო უნივერსიტეტები და სხვა მსგავსი დაწესებულებები.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ უფრო ფართო პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენების შესაძლებლობა შექმნა. პოლიტიკურმა პარტიებმა თავისუფლად დაიწყეს მოქალაქეებამდე თავიანთი პოლიტიკური გზავნილების მიტანა, სოციალ-დემოკრატთა გაზეთი „ერთობა“ მოქალაქეებს აცნობდა თვითმმართველობების არსს – “თვითმართველობა ერთათ-ერთი ფორმაა ხალხის მართველობის, ადგილობრივ ადმინისტრატიულ მართვა-გამგეობის. იგი იმავე დროს საფუძველია, რომელზედაც შენდება დემოკრატიული წეს-წყობილება.”

რევოლუციის შედეგად გატარებულმა რეფორმებმა თითოეულ მოქალაქეს საარჩევნო ხმის მიცემის უფლება მიანიჭა. 1917 წლის ზაფხულში საყოველთაო არჩევნების გზით აირჩიეს ქალაქების თვითმმართველობების საბჭოების ხმოსნები.

1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამ ამიერკავკასია რუსეთს მოწყვიტა. ამ პერიოდიდან ის ადგილობრივი პოლიტიკური ძალების მიერ იმართებოდა, რომლებიც მუშაობდნენ ფართო თვითმმართველობების შემოღებისათვის.  სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რაჟდენ არსენიძე თვითმმართველობების კომპეტენციის შესახებ 1917 წლის მიწურულს ასე წერდა – „თავისი მოქმედების ფარგლებში ამ ორგანოების  მდგომარეობა ისეთივე დამოუკიდებელი უნდა იყოს, როგორც ცენტრალური მთავრობის. მისი მთავარი კონტროლი და გამსწორებელი მხოლოდ ხალხია, კანონი და სამართალი. სხვა ძალას უფლება არ აქვს მის მუშაობაში ხელი აფათუროს… თვითმმართველობა თავის ფარგლებში ნამდვილი სახელმწიფოა სახელმწიფოში“.

რაჟდენ არსენიძე (1880-1965) – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, რადიო “თავისუფლების” ქართული ბიუროს პირველი ხელმძღვანელი.

რაჟდენ არსენიძე – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, დამფუძნებელი კრების წევრი. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

1918 წლის გაზაფხულზე  ამიერკავკასიის სეიმმა დაიწყო ნაბიჯების გადადგმა თვითმმართველობის სისტემის შესაქმნელად. შემოიღეს საერობო რეფორმის გატარების მთავარი ინსტრუქტორის თანამდებობა, რომელიც სოციალ-დემოკრატმა ნიკო ელიავამ დაიკავა. თუმცა ამიერკავკასიის კონფედერაცია ისე დაიშალა, რომ თვითმმართველობის რეფორმა არ იყო განხორციელებული.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში ერთ-ერთ უპირატეს მნიშვნელობას ქართული პოლიტიკური ძალები სწორედ ადგილობრივი სამაზრო თვითმმართველობის – ერობის შემოღებას ანიჭებდნენ.

1918 წლის ივნისში შეიქმნა ერობის შემომღები მთავარი ინსტრუქტორის კანცელარია. მთავარ ინსტრუქტორად ეროვნულ-დემოკრატი ტიტე მარგველაშვილი დაინიშნა. რეფორმის განხორციელების პროცესის კოორდინაცია კი შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს დაევალა.

ადგილობრივი მმართველობის პირველი დონის – სამაზრო ერობების ჩამოყალიბების შემდეგ, 1919 წლიდან დაიწყო ადგილობრივი მმართველობის ქვედა დონის – სათემო (სასოფლო) თვითმმართველობების შემოღებაც.

საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადგილობრივ თვითმმართველობებს ფართო უფლებები მიენიჭა. თვითმმართველობების კომპეტენციას წარმოადგენდა:

ლეო ქიაჩელი – ზუგდიდის მაზრის ერობის გამგეობის თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატი, მწერალი. ფოტო დაცულია გეორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში.

1918-1920 წლებში აირჩიეს 20 სამაზრო, 26 საქალაქო და 400-ზე მეტი სათემო თვითმმართველობა. აღნიშნულ თვითმმართველობებში აქტიურად მონაწილეობდნენ ცენტრალური საკანონმდებლო ორგანოს წევრებიც, რადგანაც ეს რესპუბლიკის კანონმდებლობით აკრძალული არ იყო.

1918-1921 წლებში საქართველოს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უამრავი სირთულისა და გამოწვევების მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.

ნოე რამიშვილი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრი

 სამაზრო და საქალაქო თვითმმართველობებმა უდიდესი როლი შეასრულეს განათლების რეფორმის გატარებაში. ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სამურზაყანოს სამაზრო ერობამ 60 ახალი სკოლა შექმნა.

            სენაკისა და ზუგდიდის ერობებმა წამოიწყეს რკინიგზის მშენებლობის პროექტი და წარმატებით განახორციელეს სამტრედიიდან სამეგრელოს  ქალაქებსა და დაბებამდე ლიანდაგი გაიყვანეს.

 ოზურგეთის ერობამ შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქარხანა ადგილობრივი მოსახლეობის დასასაქმებლად.

ზუგდიდისა სამაზრო ერობამ და სოხუმის საქალაქო თვითმმართველობამ  ადგილობრივ დონეზე შექმნეს ტუბერკულოზის სამკურნალო მცირე სანატორიუმები.

  სენაკისა და ოზურგეთის სამაზრო ერობებმა ერთობლივად განახორციელეს მდინარე რიონის ნაპირების ნაპირსამაგრი სამუშაოები.

რიონის ნაპირების გამაგრების გეგმა. დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში

თვითმმართველი ქალაქის, წყნეთის თვითმმართველობამ დაიწყო პროექტი დედაქალაქთან დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის.

სამაზრო და საქალაქო თვითმმართველობებმა ადგილობრივ დონეზე შექმნეს ამბულატორიათა ქსელი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ პერიოდში გამეფებული „ესპანური გრიპის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

თვითმმართველობებმა ამავე პერიოდში 600-მდე სასოფლო ბიბლიოთეკა შექმნეს. დააარსეს ადგილობრივი სასოფლო სახალხო უნივერსიტეტები და თეატრალური წრეები.

ტიტე მარგველაშვილი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი საერობო ინსტრუქტორი. ფოტო დაცულია საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივში

მათი ერთიანი მოქმედებებისათვის შეიქმნა საკოორდინაციო ორგანოები – „ერობათა კავშირი“ და „ქალაქთა კავშირი“. ეს კავშირები რეგულარულად მართავდნენ ერობებისა და ქალაქების საერთო ყრილობებს ერთიანი საქმიანობის განსახორციელებლად.

ადგილობრივ თვითმმართველობების საქმიანობაში საკმაოდ ბევრი ხარვეზი იყო. მათ შორის უმთავრესი იყო კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რაც ზოგადად წარსულში ამგვარი საქმიანობის გამოცდილების არქონიდან გამომდინარეობდა. თვითმმართველობების საქმიანობაში პრობლემებს წარმოშობდა ფინანსების სიმცირე და კორუფცია.

თუმცაღა ბევრგან, სამაზრო და საქალაქო თვითმმართველობებს ცნობილი ინტელექტუალები ხელმძღვანელობდნენ. ზუგდიდის მაზრის ერობის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს ჟენევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ცნობილი მწერალი ლეო შენგელაია (ქიაჩელი) იკავებდა.

1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებულმა კონსტიტუციამ  საბოლოოდ განსაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობების  სამართლებრივი-პოლიტიკური საფუძვლები.  მისი დამტკიცების შემდეგ, მალევე ადგილობრივი თვითმმართველობების ახალი არჩევნები იყო დანიშნული.

დედაქალაქ თბილისში ხმოსანთა საბჭოს არჩევნები 1921 წლის 27 თებერვალს უნდა გამართულიყო. 1921 წლის თებერვალში ოზურგეთის სამაზრო ერობა თან მოქალაქეებს მოუწოდებდა სამშობლოს თავისუფლების დაცვისაკენ მოუწოდებდა და თან ახსენებდა, რომ 1921 წლის 6 მარტს დაგეგმილი იყო სამაზრო ერობის არჩევნები.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თვითმმართველობები მოისპო. 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დანიშნა ადგილობრივი კომიტეტების არჩევნები, რომელსაც ყოფილი დემოკრატიული თვითმმართველობების მომხრე მოქალაქეებმა მთელი საქართველოს მასშტაბით სრული ბოიკოტი გამოუცხადეს.

საბჭოთა რეჟიმმა ოკუპაციითა და ტერორით მოსპო არა მხოლოდ თითმმართველობის დემოკრატიული სისტემის გამოცდილება, არამედ ფიზიკურად გაანადგურა თავად ამ სისტემის შემქნელებიც.

1924 წლის აჯანყების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა, ემიგრაციიდან  დაბრუნებული, თფილისის   ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი; 1924 წელს ტაშკენტის ციხეში გარდაიცვალა თფილისის ქალაქის საბჭოს  თავმჯდომარე, დამფუძნებელი კრების ვიცე-სპიკერი ალექსანდრე ლომთათიძე; 1930 წელს პარიზში, სავარაუდოდ საბჭოთა სპეცსამსახურების დავალებით, მოკლეს თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი პოლიტიკური ფიგურა, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი.

საბჭოთა დიდი ტერორის დროს დახვრიტეს ოზურგეთის სამაზრო ერობის ხელმძღვანელი სიო ჭანტურიშვილი; ქუთაისის ქალაქის თავი, დამფუძნებელი კრების წევრი დიომიდე თოფურიძე, თელავის   ქალაქის თავი, დამფუძნებელი კრების წევრი კონსტანტინე ანდრონიკაშვილი; სიღნაღის ქალაქის თავი, დამფუძნებელი კრების წევრი ერმალოზ სირბილაძე; დამფუძნებელი კრების თვითმმართველობის კომისიის ხელმძღვანელი და ქალაქთა კავშირის თავჯდომარე ნიკო ელიავა; ერობათა კავშირის თავმჯდომარე და ყოფილი სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, ასევე არაერთი მაზრისა თუ ქალაქის ხელმძღვანელი და საერობო-საქალაქო საბჭოების ხმოსნები.

 საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი გახდა თვითმმართველობის რეფორმის მთავარი ორგანიზატორი ტიტე მარგველაშვილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ემიგრაციიდან მოტყუებით ჯერ აღმოსავლეთ გერმანიაში გადაიყვანეს და დააპატიმრეს,  საბოლოოდ კი თბილისში დახვრიტეს 1946 წლის 17 ოქტომბერს.