Site icon Civil.ge

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატები ყარაბაღის კონფლიქტში ბაქოს მხარდაჭერას უცხადებენ 

დაბომბვა მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე, ფოტო: კადრი twitter/MoDArmenia-ს ვიდეოდან

საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა – რუსლან გაჯიევმა და აზერ სულეიმანოვმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე აზერბაიჯანის ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატმა რუსლან გაჯიევმა აზერბაიჯანის ქმედებას „წარმატებული სამხედრო ოპერაცია“ უწოდა, რომლის მიზანიც ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაა. მან პარალელი აფხაზეთთან გაავლო და აღნიშნა, რომ საქართველოც იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც სეპარატიზმის პრობლემა დგას.

მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მალე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც მოჰყვება.

თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელზე გრძელი მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც მის პოლიტიკას და აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებებს მიესალმა.

შეაქო რა პრეზიდენტ ალიევის „ანტიტერორისტული ოპერაცია“, სულეიმანოვმა განაცხადა, რომ „ჩვენ ჯერ კიდევ ივლისიდან ველოდებოდით დიდი ომის დაწყებას“. იგი საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, ტავუშის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ზაფხულში მომხდარ შეტაკებებს გულისხმობდა.

„ჩვენი თანამემამულეები [ეთნიკური აზერბაიჯანელები]“ საქართველოში, რომლებიც 90-იან წლებში ყარაბაღისა და აფხაზეთის ომებში მოხალისეობრივად ჩაერთვნენ, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოწოდებისთვის ახლაც მზად არიან“, – განაცხადა სულეიმანოვმა.

სომხეთის ელჩმა საქართველოში, რუბენ სადოიანმა 28 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის დეპუტატების განცხადებები დაგმო და აღნიშნა, რომ „მრავალეროვანი საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც პარლამენტის წევრები თავს ამგვარი განცხადებების უფლებას უნდა აძლევდნენ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)