Site icon Civil.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დეკლარაციების სისტემის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს ლოგო. ფოტო: transparency.org

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TIG) მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ანალიზის შესახებ 29 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მონიტორინგის მექანიზმი მასზე ოფიციალურად დაკისრებული ფუნქციის მხოლოდ ნახევარს ასრულებს, მხოლოდ დეკლარირებული ინფორმაციის სისწორისა და სისრულის შემოწმებისკენაა მიმართული და არ მოიცავს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციული დარღვევების გამოვლენის კომპონენტს.

რამდენიმე სხვა მიგნებასთან ერთად, ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის მიზნით ქმედითი სანქციების დაწესების შესახებ საერთაშორისო რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. ამასთან, „დასახვეწია მონიტორინგისთვის დეკლარაციების შერჩევის დამოუკიდებელი კომისიის არჩევის წესი და საქმიანობა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, რამდენიმე საკანონმდებლო ხარვეზი დასაშვებს ხდის, რომ თანამდებობის პირების შემოსავლები თანამდებობაზე ყოფნისა და მის შემდგომ პერიოდში საჯარო არ იყოს. „სავალდებულოა ამ ინფორმაციის დეკლარირება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანგარიშში, რომელიც სამწლიანი შედეგების ანალიზს მოიცავს, ასევე ნათქვამია, რომ გამოვლენილი დარღვევების რაოდენობამ კლება მონიტორინგის მესამე წელს  (80%-დან 45%-მდე შემცირდა), მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკლარაციის შევსების ინსტრუქცია გამოქვეყნდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, ეს გარემოება იმაზე მიანიშნებს, რომ დეკლარირებული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად თავად დეკლარირების მექანიზმის განახლება და გამარტივებაა საჭირო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეკომენდაციით, მონიტორინგის ნაწილი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევების გამოვლენაც უნდა გახდეს და იმისათვის, რომ დეკლარაციების მონიტორინგის კომისიის შერჩევა შესაძლებელი გახდეს, მისი არჩევის წესსა და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს.  „[კომისიას უნდა] მიეცეს მეტი თავისუფლება დეკლარაციების შერჩევისთვის რისკფაქტორების განსაზღვრის მხრივ“, – დასძენენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციისვე რეკომენდაციით, დეკლარაციის შემვსები თანამდებობის პირების წრე უნდა გაფართოვდეს და მოიცვას რიგითი პროკურორები, მინისტრების მრჩევლები, საკრებულოების ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)