არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 29 სექტემბერს წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 6-დან 28 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და მასში მთავარ გამოწვევებად ამომრჩევლებსა და აქტივისტებზე, ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე მუქარა და ზეწოლა სახელდება.
ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციამ საანგარიშო პერიოდში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარის – 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების -1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13; საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობის – 8 ფაქტი და სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები გამოავლინა.
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ძალადობის მაგალითებად „სამართლიანი არჩევნები“ 28 სექტემბერს ევროპული საქართველოს აქტივისტის, სავარაუდოდ, ტირის თოფიდან დაჭრას, ასევე 27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნებისა და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტების დაპირისპირებას ასახელებენ.
„სამართლიან არჩევნებში“ განსაკუთრებით „შემაშფოთებლად“ მიიჩნევენ ქალი პოლიტიკოსების მიმართ „პირადი ცხოვრებით შანტაჟის“ შემთხვევებს და აღნიშნულის მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, ლაშა გვასალიას მხრიდან პარტია ლელოს წევრ ქალზე მუქარას ასახელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, „ამგვარი შანტაჟის შემთხვევათა გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატურად დასჯა საგამოძიებო ორგანოთა პრიორიტეტი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდაჭერის განცხადებები ფორმალურ, უშინაარსო ლოზუნგებად დარჩება“.
„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, სკოლებისა და ბაღების მასწავლებლები პოლიტიკური პარტიებისთვის კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსებად რჩებიან და მათ საარჩევნო აგიტაციაში ჩართვას უმეტესად მმართველი პარტია ცდილობს.
ორგანიზაცია მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებზეც საუბრობს და ამის მაგალითებად, აბაშაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას ბილბორდის გასაკრავად მუნიციპალიტეტის კუთვნილი ამწის გამოყენება, ასევე 300 რუსთაველი სტუდენტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება მოჰყავს.
„სამართლიანი არჩევნები“ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მმართველ პარტიასთან კავშირებზეც მიუთითებს და აცხადებს, რომ საუბნო კომისიაში არჩეულთა შორის საჯარო მოხელეები, მერიის ან საკრებულოების, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური ააიპების თანამშრომლებიც მოხვდნენ. „მართალია, ზემოაღნიშნული პირდაპირ დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ამ პირთა მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვს აჩენს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ასევე წაიკითხეთ:
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
- „სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)