ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტროებმა“ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის დაწყებაში დაადანაშაულეს და საერთაშორისო თანამეგობრობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.
27 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ აღნიშნა, რომ „არცახის რესპუბლიკის [მთიანი ყარაბაღი] თავდაცვის ძალების“ პოზიციებს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და საჰაერო დარტყმები მიაყენეს.
ოკუპირებული ცხინვალის „საგარეო უწყებამ“ 27 სექტემბერს შეშფოთება გამოხატა იმ „სრულმასშტაბიანი სამხედრო ქმედებების“ გამო, რომლებიც „აზერბაიჯანმა მძიმე ტექნიკის, არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით დაიწყო“.
საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი და მთიანი ყარაბაღი ერთმანეთს აღიარებენ და დიპლომატიური ურთიერთობებიც აქვთ. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს, რომლებიც რუსეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი საქართველოს შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევენ. მთიანი ყარაბაღი ჯერ არცერთ ქვეყანას უღიარებია. ბაქო მას აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს.
ასევე წაიკითხეთ:
- საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებებს ეხმაურება
- საქართველოს პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)