Site icon Civil.ge

მარნეულში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სცემეს

ფოტო: მეთ ჩესინი, unsplash.com

მარნეულში ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სცემეს.

„მთავარი არხის“ ცნობით, თავს ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფებს დაესხნენ და 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს „ფიზიკურად გაუსწორდნენ“. ერთ-ერთ მათგანს თავი აქვს გატეხილი, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, დაზიანებულია არხის კუთვნილი კამერა და მიკროფონი.  ამავე ინფორმაციით, „დაპირისპირება უმიზეზოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი ქართული ოცნების წევრების ჩასაწერად მივიდა“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, მარნეულში საქართველოს „პირველი არხის“ გადამღები ჯგუფის კამერაც დაამტვრიეს, ოპერატორს კი – „ფიზიკურად გაუსწორდნენ“. ამავე ინფორმაციით, „შემთხვევა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა“.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლას გულისხმობს. უწყებისვე განმარტებით, „დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“.

ჟურნალისტების ცემის ფაქტი დაგმო „არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“. „არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას“ გმობს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“ და „მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა“.

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება. აგრეთვე, მოუწოდებს „ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გაიაზრონ მედიის როლი და არ წაახალისონ ჟურნალისტების  მიმართ ძალადობა“.

მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვისაც“, რომელიც 10-ზე მეტ ადგილობრივ არასამვთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. „მიგვაჩნია რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ საფრთხეებს“, – აცხადებენ კოალიციაში.

„ფიზიკური ძალადობა, მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების ცემა“ დაგმო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემაც. „ასეთ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირების გარეშე დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ შევქმნით“, – დაწერა მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

გამოძიების ოპერატიულად წარმართვისა და პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირების იმედი გამოთქვა სახალხო დამცველის აპარატმაც. „აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ ომბუდსმენის ოფისში.

მარნეულის ინციდენტს ქართულ ოცნებაშიც გამოეხმაურნენ და მომხდარში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულეს. პარტიაში აცხადებენ, რომ 29 სექტემბრს, საღამოს საათებში, ნასვამი აქტივისტები ოცნების ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს, „რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა“.

„სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გასცდება, უმკაცრესად დაისჯება“, – აცხადებენ ქართულ ოცნებაში. პარტიაში ინციდენტის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებზე არაფერი უთქვამთ.

მარნეულში განვითარებული „მოვლენები და დაპირისპირება“ მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიასთვისაც. იგი მომხდარს Facebook-ზე 30 სექტემბერს გამოეხმაურა და მხარეებს „ძალადობისა“ და „არაეთიკური ქცევისგან“ თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, „ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა“ დაუშვებელია. ჟვანიას განცხადებით, გუშინდელი ინციდენტის შედეგად საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი და მისი ოჯახის წევრიც დაშავდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)