გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 30 სექტემბერი, N220
ინგლისის წარმომადგენლის ჩამოსვლა
სექტემბრის 28-ს ტფილისში ჩამოვიდა ამიერკავკასიის უმაღლეს კომისრად დანიშნული ინგლისის წარმომადგენელი პოლკოვნიკი სტოკსი. სადგურზე შესახვედრათ გამწკრივებული იყო საპატიო ყარაული მუსიკით. მას სადგურზე შეხვდნენ გარეშე საქმეთა მინისტრის ამხანაგი ნიკოლოზ ქარცივაძე, სამხედრო მინისტრის აღმსრულებელი გენერალი გედევანიშვილი, გენერალი ჯაფარიძე და სხვები.
პოლკოვნიკმა სტოკსმა ჩაუარა საპატიო ყარაულს და მისალმების შემდეგ გაეშურა მისიისკენ. დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს თან ჩამოყვა პოლკოვნიკი ბროუნი, შვებულებიდან დაბრუნებული მისიის მდივანი რურკერი და ლეიტენანტი ორბელიანი, რომელიც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს ბათუმში შეხვდა.
სექტემბრის 28-ს საღამოს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი პოლკოვნიკი სტოქსი ინახულა ევროპის სოციალისტთა დელეგაციის წევრმა მაკდონალდმა და ხანგრძლივი საუბარი ქონდა მასთან.
სექტემბრის 29-ს დილის 11 საათზე ტფილისიდან სტამბოლს უნდა წასულიყო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის თანამდებობის დროებით აღმასრულებელი ტიუკი, რომელმაც თავის თანამდებობა პოლკოვნიკ სტოკს გადასცა.