საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 1 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში „უკანონოდ დაკავებული“ საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას „უპირობო“ გათავისუფლებას მოითხოვს. ბებუა 30 სექტემბერს „აფხაზეთის დროშის“ დაწვისთვის დააკავეს.
სუს-ის ცნობით, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები, ასევე გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
სუს-ის განცხადებითვე, საოკუპაციო რეჟიმმა ცხელი ხაზის საშუალებით „უკანონოდ დაკავებული“ პირის ვინაობა დაადასტურა. სუს-ის ცნობით, დაკავებული ქალაქ გალში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უკანონო დაკავებებზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და აცხადებს, რომ „საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას“.
ირაკლი ბებუამ „აფხაზეთის დროშა“ 30 სექტემბერს იმ დროს დაწვა, როდესაც ოკუპირებულ რეგიონში „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ აღინიშნებოდა. მის ამ ქმედებას აფხაზეთში სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღშფოთება მოჰყვა. ზოგმა ბებუას რეგიონიდან გაძევება, ზოგმა კი – მისი მოკვლაც მოითხოვა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)