Site icon Civil.ge

„სამართლიანმა არჩევნებმა“ სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარადგინა

ფოტო: Isfed.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 1 ოქტომბერს სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში Facebook-ზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გააქტიურება შეიმჩნევა. გარდა ამისა, მათი ნაწილი საარჩევნო კამპანიისთვის სოციალური მედიის სხვა პლატფორმებს, მათ შორის – Instagram-ს, Telegram-ს, Viber-სა და TikTok-საც იყენებს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გამოქვეყნებული 14 290 საჯარო პოსტი გააანალიზა. ორგანიზაცია პოლიტიკური პარტიების, მაჟორიტარებისა და პოლიტიკური ლიდერების 452 Facebook-ის გვერდსა და ადგილობრივი თვითმმართველობების 127 ოფიციალურ გვერდს აკვირდებოდა.

მონიტორინგის ფარგლებში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა: ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 16 გვერდი; ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37 გვერდი; ხელისუფლების მხარდამჭერი 11 გვერდი; მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტებელი 32 გვერდი; ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 10 გვერდი და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცრუ მხარდაჭერის 2 გვერდი.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უწყებების Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე მმართველი პარტიის სასარგებლო „ირიბი აგიტაცია” შეიმჩნევა. მაგალითად, მუნიციპალიტეტებმა 133 გამოქვეყნებულ პოსტში გამოიყენეს ჰეშთეგი #გაიგერაკეთდება, რაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ Facebook-ის გვერდ „რა კეთდებას“ ეხმიანება, რომელზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი დასპონსორებულია, თანხის გადამხდელად კი – პარტია ქართული ოცნებაა მითითებული.

ამას გარდა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადგინა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ორგანიზებულობისა და კოორდინირებულობის ნიშნები მჟღავნდება. ამგვარი ნიშნები ნაკლებად შეინიშნება ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გარდა Facebook-ის გვერდებისა, დისკრედიტაციისა და პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად გამოიყენება Facebook-ის ჯგუფებიც. ანგარიშის თანახმად, Facebook-ის ღიად დისკრედიტაციული ჯგუფები, ძირითადად, ორი პოლიტიკური პარტიის – ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მოქმედებენ.

ორგანიზაციის თქმით, მხარდამჭერ ჯგუფებს შორის, ყველაზე მეტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული. ჯამში, ასეთი 58 საჯარო ჯგუფია აღმოჩენილი, რომელთაც 391 491 წევრი ჰყავთ. ქართულ ოცნებასთან კი – აფილირებულია 33 ჯგუფი, სულ – 369 172 წევრით.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)