საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიუსელში 29-30 სექტემბრის ვიზიტი დაასრულა, სადაც იგი ევროკავშირისა და ევროპარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. ბრიუსელში გახარიას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ახლდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი გახარია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხოსეპ ბორელს შეხვდა და მასთან რიგი საკითხები განიხილა, მათ შორის, რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ასევე ასოცირების შეთანმხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.
ამავე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, გამჭვირვალედ, ისე, როგორც ჩატარდა ყველა არჩევნები 2012 წლის შემდეგ, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი უსაფრთხოების გარანტიები კორონავირუსის გათვალისწინებით“.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარიამ ხოსეპ ბორელს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, აგრეთვე იმ სირთულეებზე, რომლებსაც მოსახლეობა ე.წ „გამშვები პუნქტების“ ჩაკეტვისა და სრულფასოვანი განათლებისა თუ სამედიცინო სერვისების მიღების თვალსაზრისით აწყდება.
ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების და ვიზალიბერალიზაციის შესახებ საუბრისას, პრემირე-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის აუცილებელია კიდევ უფრო ამბიციური მიზნების მიღწევა“.
თავის მხრივ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა განაცხადა, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა, კერძოდ მართლმსაჯულების სფეროში, სადაც მოკლევადიან პერსპექტივაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა იქნას გათვალისწინებული.
ამავე ინფორმაციით, ბორელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთგულებას საქართველოში კონფქლიტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. მხარეებმა რეგიონულ უსაფრთხოებაზეც ისაუბრეს, კერძოდ მათ მთიან ყარაბაღში არსებულ „შემაშფოთებელ“ ვითარებაზე იმსჯელეს.
Yesterday I met with Georgian PM @GakhariaGiorgi & FM @DZalkaliani. We discussed progress made by Georgia in implementing commitments made under the Association Agreement, further reforms, upcoming elections and situation South Ossetia and #NagornoKarabakh https://t.co/N5MqOA68ys pic.twitter.com/ToOCf7gp7K
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) September 30, 2020
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი გახარია ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ მარია სასოლისაც შეხვდა. მხარეებმა ცოტა ხნის წინ საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმებზე, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
31 ოქტომბერს, გახარია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს, ხოლო წინა დღეს, იგი ევროკომისარს საშინაო საკითხებში ულვა იოჰანსონს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, მიგრაციის და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა. „პოზიტიურად შეფასდა თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის, როგორებიცაა – EUROPOL-ი და Frontex-ი… ასევე საქართველოს მხრიდან ევროპულ დედაქალაქებში პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.
30 სექტემბერს, გახარიამ ევროკომისარს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში მარია გაბრიელს შეხვდა და განათლების სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილა. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს მიმართა ინიციატივით, რომ ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს.
ენერგეტიკის სფეროში ევროკომისარ კადრი სიმსონთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში და აღინიშნა, რომ ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში. შეხვედრაზე იმედი გამოითქვა ამ მიმართულებით მეტი ევროპული ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ასევე შეხვდა ტრანსპორტის სფეროში ევროკომისარ ადინა ვალეანს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე გაამახვილეს.
ასევე წაიკითხეთ:
- გახარია ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა და 129 მლნ ევროს შეთანხმებები გააფორმა
- გიორგი გახარია ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)