Site icon Civil.ge

სასამართლომ 24 წლის მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელი და ერთი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლო. ფოტო: სასამართლოს Facebook გვერდი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ ფოფხაძე და კიდევ ერთი პირი – ვახტანგ ბურძენიძე 30 სექტემბერს 24 წლის მურად წურწუმიას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა (რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და ჯგუფურად ძალადობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მათ 10 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, მსჯავრდებულებს გარდაცვლილ მურად წურწუმიასთან და მის ძმასთან ავტომანქანის თაობაზე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად მათ წურწუმიას „სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენეს“. საგამოძიებო უწყებისვე ცნობით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ფოფხაძემ და ბურძენაძემ წურწუმია ბურძენაძის საცხოვრებელ ბინაში გადაიყვანეს, სადაც იგი „3 იანვრის დილამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა“. წურწუმია 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2020 წლის 2 იანვარს მომხდარი ინციდენტის შესახებ საზოგადოებამ 6 იანვარს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტით შეიტყო. ჟურნალისტთან საუბარში გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მურად წურწუმიას ჯერ ვარკეთილის სასაფლაოზე დაუნდობლად სცემეს, შემდეგ კი იგი, შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და დასახლებულ პუნქტში უპატრონოდ დატოვეს, სადაც მას ახლობლებმა მხოლოდ მეორე დღეს მიაგნეს და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)