Site icon Civil.ge

მთავრობას კრემლის მიერ არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამოძიებისკენ მოუწოდებენ

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, ფოტო: კადრი ტელეკომპანია "ობიექტივის" ვიდეოდან

ჩვიდმეტმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ (GRASS), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (GYLA), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პროკურატურას კრემლის მიერ პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის, „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

კრემლის ოპონენტის, მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა „დოსიემ“ 24 და 31 აგვისტოს ანგარიშებში განაცხადა, რომ პარტიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსკოვი ეხმარება.

არასამთავროებმა განაცხადეს, რომ „საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს გამოქვეყნებულ მასალებზე ამ დრომდე, არათუ საგამოძიებო მოქმედებები არ დაუწყიათ, არამედ ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ“.

აღნიშნეს რა, რომ „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში, სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებებიც იკვეთება, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკეს, რომ საკითხი მხოლოდ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების ჭრილში განიხილეს.

„მიგვაჩნია, რომ „დოსიეს“ გამოქვეყნებული ანგარიშების გამოძიების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა და მისი მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჭრილში განხილვა არ არის საკმარისი“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)