Site icon Civil.ge

ბრიტანეთის ევროპული განქორწინება

Photo by Bruno Figueiredo on Unsplash

29 სექტემბერს, ბრიუსელის აღშფოთების მიუხედავად, „შიდა ბაზრის შესახებ“ კანონპროექტმა თემთა პალატის კენჭისყრა გადალახა და გეზი ლორდთა პალატისკენ აიღო. ის არსებითად ეწინააღმდეგება ევროკავშირთან შარშან მიღწეულ შეთანხმებას ბრექსიტის შესახებ. ევროკავშირთან 15 ოქტომბერს დანიშნული მოლაპარაკებების რაუნდი სავაჭრო შეთანხმების შესახებ შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს და ბრიტანეთმა კავშირი ხისტად, შეთანხმების გარეშე დატოვოს.


ავტორი: გიორგი ფანიაშვილი 11 წელია დიპლომატიურ სამსახურშია. ეს სტატია მხოლოდ ღია წყაროებში მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება.


რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

პოლიტიკური დაძაბულობა ლონდონში, გაუგებრობები ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ბუნებრივად მოადუნებს ბრიტანეთის ყურადღებას საერთაშორისო ასპარეზზე.

ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია უსაფრთხოების დარგში. ბრიუსელთან და აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესება მის საერთაშორისო გავლენას შეასუსტებს.

ლონდონი ასევე მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოში ეკონომიკური და სახელმწიფო რეფორმების გატარებას. რადგან ბრიტანეთის საერთაშორისო დახმარების მოცულობა მის მთლიან ეროვნულ შემოსავალზეა გადაბმული, ბრექსიტის შედეგად გამოწვეული ეკონომიკის სავარაუდო ვარდნა ამ დახმარების მოცულობაზეც აისახება.

რას უნდა მოველოდეთ:

ანალიზი

2019 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თითქოს ბრექსიტის პროცესს დაბრკოლება აღარ უნდა შექმნოდა. მართლაც, 23 იანვარს, კონსერვატორებმა წინა მოწვევის პარლამენტის მიერ სამჯერ უარყოფილი „ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების“ ტექსტის რატიფიცირება მოახდინეს, რასაც ევროპარლამენტმა 29 იანვარს უპასუხა და შეთანხმებაც პირველი თებერვლიდან ამოქმედდა.

სწორედ ეს შეთანხმება უნდა ქცეულიყო გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის უმტკივნეულო და თანდათანობითი დატოვების წინაპირობად. „ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება“ უზრუნველყოფს სამართლებრივ ჩარჩოს გარდამავალი პერიოდისთვის და ითვალისწინებს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის საერთო ბაზრისა და საბაჟო კავშირის შემადგენელ ნაწილად დარჩენას ახალი სავაჭრო ურთიერთობების განმსაზღვრელი შეთანხმების დადებამდე, რაც ამავე შეთანხმებით, 2020 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

უთანხმოების არსი

სამეფოსა და ევროკავშირს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, პანდემიის მიუხედავად მარტში დაიწყო და თავიდანვე  შედარებით დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ჯერ იყო და ახალი შეთანხმების საწყისმა პროექტმა გაჟონა პრესაში, რამაც ბრიტანელების უკმაყოფილება გამოიწვია, ხოლო შემდეგ თავად შინაარსმა წარმოშვა მზარდი გაუგებრობები.

მოლაპარაკებებმა თავდაპირველად თევზჭერის ზონებისა და კვოტების საკითხზე წაიბორძიკა – განსაკუთრებით ირლანდიის ზღვაში, რომელიც ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის საზღვრად იქცევა.

კიდევ უფრო ღრმა ნაპრალი გააჩინა ბრიტანული კომპანიების საქმიანობაზე ევროკავშირის რეგულაციების გავრცელების საკითხმა. ბრექსიტის მომხრეების რწმენით, ბრიტანულ კომპანიებზე ევრო რეგულაციების გავრცელება არსებითად ეწინააღმდეგება თავად ბრექსიტის არსს. გაუგებარია, თუ როგორ უნდა დაექვემდებაროს ლონდონი იმ რეგულაციებს, რომლის მიუღებლობამაც გამოიწვია ბრიუსელთან განქორწინება. სანამ კავშირის წევრი იყო, იმის თქმა მაინც შეიძლებოდა, რომ ლონდონი ამ რეგულაციების შემუშავებაში თავად იღებდა მონაწილეობას. ახლა კი ეს არგუმენტიც მოისპო.

უფრო კონკრეტულად, ბრიუსელის ინტერესებშია, რომ პრეფერენციულ-სუბსიდირებულ პირობებში წარმოებული ბრიტანული კომპანიების პროდუქცია თუ მომსახურება ჩრდილოეთ ირლანდიის გავლით არ მოხვდეს ირლანდიაში (აქ საბაჟო არ არსებობს) და იქედან კი დანარჩენ ევროკავშირში.  

ამის თავიდან ასაცილებლად, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების შემთხვევაში, „ევროკავშირიდან გასვლის“ შეთანხმებაში ჩადებულია შიდა საბაჟო შემოწმების მექანიზმი ჩრდილოეთ ირლანდიის გავლით მოძრავი საქონლის გასაკონტროლებლად.  თუ ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა, ჩრდილოეთ ირლანდიასა და დანარჩენ ირლანდიას შორის შეიძლება „ხისტი საზღვარი“ ამოქმედდეს. ეს კი არსებითად ეწინააღმდეგება „დიდი პარასკევის შეთანხმებას“ (“Good Friday Agreement”), რომელმაც 1998 წელს დაასრულა ძალადობრივი ამბოხება ჩრდილოეთ ირლანდიაში. დიდი პარასკევის შეთანხმების პირობების ურყევობა თავად ევროკავშირთან შარშან დადებული შეთანხმების ნაწილიცაა და აშშ-ის მკაფიო მოთხოვნაც.

კანონპროექტი „შიდა ბაზრის შესახებ“

პრემიერი ბორის ჯონსონი ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ხისტი საბაჟოს შემოღების პრობლემის გადაჭრას „შიდა ბაზრის შესახებ“ კანონპროექტით შეეცადა.

კანონპროექტის თანახმად, ჩრდილოეთ ირლანდიასა და დანარჩენ სამეფოს შორის თავისუფალი ტვირთბრუნვა გაგრძელდება და „ევროკავშირიდან გასვლის“ შეთანხმების საწინააღმდეგოდ, ის საბაჟო კონტროლს არ დაექვემდებარება.

„შიდა ბაზრის შესახებ“ კანონპროექტი:

აღშფოთებულმა ბრიუსელმა ლონდონი საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა. თუმცა მოვლენების მიმდინარეობაზე ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია.

მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის ბარიერი გაიარა, კანონს ახლა ლორდთა პალატის საწნახელში მოუწევს დაწურვა. აქ კანონის ბედის პროგნოზირებას ადგილობრივი დამკვირვებლებიც ერიდებიან. სავარაუდოდ, ლორდები პროექტს მთავრობას მიუბრუნებენ კითხვებით, რაც პრემიერ ჯონსონს ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე დროს მოაგებინებს. საკმაო შანსი არსებობს იმისა, რომ საბოლოოდ პროექტი ლორდთა პალატასაც გაივლის.

საინტერესო სწორედ აქ იწყება – ლონდონის თანხმობის შემთხვევაში, პროექტმა უნდა გაიაროს უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოებიც. მათ ვეტოს უფლება არა აქვთ, ოღონდაც მათი უარი პოლიტიკურად სიმბოლური იქნება. უელსის საჭე ამჟამად ლეიბორისტებს უპყრიათ. ჩრდ. ირლანდია და შოტლანდია კი ევროკავშირთან მორიგებას უჭერენ მხარს. ამიტომაც, როგორც ჩანს ჯონსონს გაერთიანებული სამეფოს კონსენსუსის დემონსტრირება გაუჭირდება.

კონსერვატორთა ოჯახური ვნებები

ბრიტანეთის  პოლიტიკურად აწ უკვე გარდაცვლილმა ხუთივე ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკურად ცოცხალ, მოქმედ პრემიერს „ევროკავშირიდან გასვლის“ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდეს.

მართალია „შიდა ბაზრის კანონპროექტმა“ ბორის ჯონსონის ძალისხმევით თემთა პალატის ყველა ბარიერი გადალახა, თუმცა საკუთარ პარტიაში კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ჩრდილებიც გამოკვეთა. თავდაპირველად ჩატარებულმა კენჭისყრამ გამოააშკარავა, რომ  ორმა კონსერვატორმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 30-მა თავი შეიკავა.

როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის კონსერვატიულმა პარტიამ ბორის ჯონსონს სივრცე დაუტოვა გამოსავლის მოსაძიებლად. თუ ხისტი განქორწინება განუხრელად გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ პრემიერით უკმაყოფილო კონსერვატორების რიცხვი გაიზარდოს და ეს ყველაფერი პოლიტიკურ ამბოხში გადაიზარდოს, რისი მაგალითებიც ბრიტანულ საპარლამენტო დემოკრატიის ახლო წარსულშიც უხვად მოიპოვება.

საერთაშორისო გამოხმაურება

„დიდი პარასკევის“ შეთანხმების დარღვევის პერსპექტივა ატლანტიკის გაღმა ნაპირიდანაც გამოეხმაურნენ და ლონდონს ამ შეთანხმების მნიშვნელობა შეახსენეს, კერძოდ, აშშ-ს კონგრესის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ ბრიტანეთს განუცხადა, რომ შეუძლებელი იქნება აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების დადება თუ ბრიტანეთი დაარღვევს დიდი პარასკევის შეთანხმებას. აშშ-ს პრეზიდენტობის ირლანდიური წარმოშობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმაც იმავე ტონში შეახსენა ბორის ჯონსონს ირლანდიური მშვიდობის მნიშვნელობა.

ატლანტიკის გაღმა პარტნიორისთვის შფოთვების მოსახსნელად, საგარეო საქმეთა მდივანი საგანგებო ვიზიტით ვაშინგტონს ეწვია და მოქმედი ადმინისტრაციისა და დემოკრატიული პარტიის ლიდერების ბრიტანული მიდგომის სისწორეში დარწმუნებას შეეცადა. 

ხისტი ბრექსიტის პერსპექტივებით შეწუხებულმა საფრანგეთმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა და ბრიტანეთს საპასუხო ზომებითა და შედეგებით დაემუქრა, ხოლო გერმანია ჩვეული, მშვიდი რაციონალიზმით ემზადება ხისტი ბრექსიტისთვის.

მომავლის ხედვა

მოლაპარაკებების და ხისტი ბრექსიტის ბედი ოქტომბერში გაირკვევა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სამეფოსა და ბრიუსელს შორის სამომავლო ურთიერთობებს.

როგორც განქორწინებისას ხშირად ხდება ხოლმე, საბოლოოდ ალბათ, ბავშვის საუკეთესო ინტერესი (ამ შემთხვევაში, ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის თავისუფალი და დინამიური ვაჭრობის სიკეთე) ან ახალი პარტნიორის მოძიებით (მაგალითად, აშშ-სთან ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება) მოპოვებული კმაყოფილება გადაწონის უთანხმოებებს.

მისი უდიდებულესობის მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული – ბრექსიტის შედეგად ბრიტანეთი უბრალოდ უნდა გადარჩეს და განაგრძოს საშუალო, მომცრო არსებობა თუ ბრექსიტი აქციოს ახალ იმპულსად და შესაძლებლობად გლობალური ბრიტანეთის დაბადებისთვის.