„ტელეკომპანია პირველის“ ცნობით, საქართველოს მიერ 2019 წლის ოქტომბერში რუსეთისთვის გადაცემული ინფორმაციული ტექნოლოგიების რუსი სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი მოსკოვის ციხეში „ფსიქოლოგიური ტერორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი“ გახდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუმბაევი მათთვის ექსკლუზრიურად გამოგზავნილ 16 გვერდიან წერილში ყვება, რომ იგი იმ დანაშაულის აღიარების მიზნით, რომელიც მას არ ჩაუდენია, 3 საათის განმავლობაში ელექტროშიკით აწამეს, შემდეგ გააშიშვლეს და დამამცირებლად მოეპყრნენ.
„ტელეკომპანია პირველმა“ სუმბაევის წერილის ნაწილის ქართული თარგმანიც გაავრცელა, სადაც პატიმრის შემდეგი სიტყვები იკითხება: „ნოემბრის ბოლოს, ჩემთან ადვოკატის გარეშე მოვიდა უცნობი პირი, რომელმაც თავი გამაცნო, როგორც საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი. დაიწყო დაშინება, შანტაჟი, რომ მალე დაიწყებოდა ჩემი ნათესავების დაკავებებიც, თუ მე არ ავიღებდი საკუთარ თავზე გამომძიებლის მკვლელობის საქმეს. 2020 წლის იანვარში, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამი ადამიანი სამი საათის განმავლობაში მაწამებდა ელექტროშიკით“.
„ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა, ივანე ნორაკიძემ თქვა, რომ „სამწუხაროდ“ გამართლდა მათი მოლოდინი იმის თაობაზე, რომ სუმბაევი რუსეთის ციხეში წამების მხვერპლი გახდებოდა. სუმბაევის მონათხრობზე დაყრდნობით, იგი ამბობს, რომ რუსეთის ციხეში „მის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემატური ხასიათი აქვს“. „ჩვენ არაერთხელ მივმართეთ იუსტიციის მინისტრს [თეა წულუკიანს] და არცერთ ჩვენს წერილზე მან პასუხი არ გაგვცა“, – დაამატა მან.
იაროსლავ სუმბაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო უწყება მას კიბერდანაშაულსა და გამომძიებლის მკვლელობის საქმესთან კავშირს ედავება. სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართულმა მხარემ იგი რუსეთს 2019 წლის 24 ოქტომბერს იუსტიციის აწ უკვე ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით გადასცა.
მაშინ თეა წულუკიანი ამბობდა, რომ „საქართველო არ არის პოტენციური დამნაშავეების თავშესაფარი“. „ევროპული სასამართლო არ თვლის, რომ სუმბაევი შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას მისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში“, – თქვა მანვე.
ასევე წაიკითხეთ:
- ლომჯარია: საქართველო სუმბაევისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე რუსეთს არ უნდა დასთანხმდეს
- საქართველომ რუსეთს კიდევ ერთი პატიმარი გადასცა
- საქართველომ რუსეთს ტერორიზმისთვის ძებნილი პირი გადასცა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)