ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ქართველებმა „ყველაფერი უნდა გააკეთონ კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად“.
„ჩემს ეპარქიაში, დიდ უმრავლესობას, 97%-ზე მეტს ეთნიკური სომხები წარმოადგენენ. მე სომხების გარემოცვაში ვცხოვრობ, მათ ვეკონტაქტები, მათზე ვზრუნავ და მიყვარს ისინი. ამის გამო, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ყარაბაღში განვითარებული მოვლენები“, – განაცხადა მიტროპოლიტმა 5 ოქტომბერს გაკეთებულ საჯარო მიმართვაში.
მან ხაზი გაუსვა, რომ ჯავახეთში არასდროს ყოფილა კონფლიქტი აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის. „[ამიტომ], პირადად მე, ქართველებსა და ქართულ სახელმწიფოს არ გვაქვს უფლება, რომ ვინმეს მხარე დავიკავოთ“, – თქვა მიტროპოლიტმა.
მან მხარეებს „საერთო ენის გამონახვისკენ“ და საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. „ღრმად მჯერა, რომ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები შეძლებენ საკუთარ თავზე მაღლა დადგომას“, – დასძინა მანვე.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. საქართველომ მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ არაერთხელ მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)