ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 7 ოქტომბერს, თბილისში, გენერალური პროკურატურასთან აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე მომუშავე ექსპერტების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას „უსამართლო“ დაკავება გააპროტესტეს და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აქცია, რომელიც მთავარი საგამოძიებო უწყების წინ 19:00 საათზე დაიწყო, პარტია ევროპული საქართველოს დეპუტატმა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ Facebook-ის საშუალებით დააორგანიზა და თქვა, რომ „ეს არის თანადგომა ადამიანების მიმართ, რომლებიც მსხვერპლნი უსამართლობის არიან“.
„საზოგადოებამ მინდა, რომ კარგად იცოდეს, აბსოლუტურად არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება არაფრის გადაცემა არ მომხდარა, ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელსაც უკვე მოჰყვა ქართული ოცნების ქმედება“, – განაცხადა დეპუტატმა.
მანვე ქვეყანაში წინასაარჩევნოდ რუსული ინტერესების გატარებაში პარტია პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ იგი დავით გარეჯის თემის გაღვივებისთვის რუსეთისგან „კონკრეტულ ინსტრუქციებს იღებდა“ და „კონკრეტულ განცხადებებს აკეთებდა ამ კომისიის საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით“.
ხოშტარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, არ წამოეგონ „ამ წინასაარჩევნო ბინძურ ტყუილს, რომელსაც ეწირება ჩვენი ქვეყნის ინტერესები და კონკრეტული ადამიანები“ და რომელიც მეგობარ ქვეყანასთან დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.
ბრალის აბსურდულობას გაუსვა ხაზი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა და აღნიშნა, რომ „დღეს ორი ადამიანის ცხოვრებას ანგრევენ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა მორიგი აბსურდული, პოლიტიკური ბრალდება შეთითხნოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ“.
„იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანი მთავარი ღირებულება კი არ არის, არამედ არის ვიღაცის ძალაუფლების მასალა, ეს ქვეყანა არ არის არც თავისუფალი, არც დემოკრატიული და არც ადგას სამართლებრივი განვითარების გზას“, – თქვა თავისუფალი დემოკრატების ყოფილმა წევრმა და ამჟამად ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ნინო გოგუაძე.
პროკურატურამ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე დაწყებული 29 სექტემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ“ მიმართულ ქმედებას გულისხმობს და სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო უწყება მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა. საქალაქო სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. ბრალდებულების ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
ასევე წაიკითხეთ:
- პროკურატურამ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე ორი პირი დააკავა
- თალაკვაძე: საქართველო შეეცდება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე შეთანხმების გადახედვას მიაღწიოს
- პროკურატურა დემარკაციის ექსპერტების მიერ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის გადაცემის საკითხს იძიებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)