საქართველოში მოქმედი მედიის თვითრეგულირების ორგანოს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა ქარტიის მე-2 პრინციპი დაარღვია და ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია.
ლალიაშვილის წინააღმდეგ საჩივრით „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „ბიზნეს სიახლეების“ ხუთმა ყოფილმა ჟურნალისტმა მიმართა. განმცხადებლებმა განმარტეს, რომ 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში, (იმ დროს, ტელეკომპანია „მაესტრო“ „იმედის“ ჰოლდინგში შედიოდა), ნიკოლოზ ლალიაშვილმა, რომელსაც მაშინ „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, გადაცემის თანამშრომლებს რამდენჯერმე უთხრა, რომ მას „ბიზნეს სიახლეების“ მიერ მომზადებული ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიუჟეტები არ მოსწონდა.
ამასთან, მანვე, „პრაქტიკულად გასცა დირექტივა, თუ როგორი უნდა გამხდარიყო გადაცემა და ვისი ინტერესების სასარგებლოდ ემუშავა მთლიანად რედაქციას“. მას შემდეგ კი, რაც მხარეები საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, 28 თებერვალს „ბიზნეს სიახლეები“ ეთერში ბოლოჯერ გავიდა და გუნდმა ტელეკომპანია „მაესტრო“ დატოვა.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“, ნიკოლოზ ლალიაშვილის მიერ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის დასადასტურებლად განმცხადებლის მიერ ქარტიისთვის წარდგენილი სამი აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა, რომლებშიც იგი თანამშრომლებს უხსნის, რომ არხს „ანტინაციონალური მოძრაობის ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს“ და მათ ჟურნალისტური მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისკენ მოუწოდებს.
ჩანაწერებში ლალიაშვილი იმასაც განმარტავს, რომ არხი აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების წინააღმდეგ „ფრონტის ხაზზე იმყოფებიან“ და ამ ბრძოლაში იგი ჟურნალისტებს ჯარისკაცობისკენ მოუწოდებს. ლალიაშვილი ჩანაწერებში მთავარ მოწინააღმდეგედ ტელეკომპანია „მთავარ არხსა“ და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასაც ასახელებს.
ნიკოლოზ ლალიაშვილი მედიასთან საუბარში მის ყოფილ თანამშრომლებთან მსგავსი შინაარსის საუბრებს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ „ეს ჟურნალისტები“ სამსახურიდან იმიტომ წავიდნენ, რომ „მაესტროზე“ ბიზნესგადაცემები დაიხურა.
მანვე ჟურნალისტებისთვის ცენზურის დამყარების მცდელობა უარყო და თქვა, რომ პირიქით, „[სწორედ] დაბალანსებაა ცენზურის მცდელობა, რადგანაც იმედი, სხვა არხებისგან განსხვავებით, „ფეიკ ნიუსებით“ არ ვაჭრობს, ამბობს სიმართლეს, რისი დაბალანსებაც ნიშნავს, რომ ის ტყუილით უნდა დააბალანსო“.
„ამიტომაც ჩვენ ბალანსის პოლიტიკას არ ვაღიარებთ და არ მოვუწოდებთ ჩვენს ჟურნალისტებს, რომ ამ გზით წავიდნენ. ეს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკაა, რომელიც ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს – არა, ნაციონალურ მოძრაობას“, – დაამატა მანვე.
ასევე წაიკითხეთ:
- „იმედის“ გენერალურ დირექტორად ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა
- „იმედი“: „ვიმუშავებთ, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)