Site icon Civil.ge

1920: რუსეთის ებრაელები საქართველოს გავლით პალესტინაში დაბრუნდებიან

ებრაელთა ბაზრობა მოსკოვში, 1911 წელი. ფოტო ვიკიპედიიდან.

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 12 ოქტომბერი,

შინაგან საქმეთა სამინისტროში

პალესტინაში მიმავალი ებრაელები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განიხილა რა შუამდგომლობა სიონისტური ორგანიზაციებისა რუსეთიდან პალესტინაში მიმავალ ებრაელების საქართველოზე გაშვების ნებართვის მიცემის შესახებ, გადაწყვიტა იგი დადებითად შემდეგი პირობებით:

  1. ნებართვა მიეცემათ ინგლისის წარმომადგენლების [1920 წლისათვის პალესტინა დიდი ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორია იყო – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] მიერ ემიგრანტთა პასპორტების დამოწმების შესახებ თანხმობის გამოცხადების შემდეგ, შემოწმება მოხდება იმ მოწმობით, რომელთაც მათ სიონისტური ორგანიზაცია მისცემთ.
  2. ემიგრანტები კავკავიდან ან ბაქოდან უნდა წავიდენ პირდაპირ ბათომში ან ფოთში, მათ არ მიეცემათ უფლება ტფილისში და საერთოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაჩერებისა.
  3. რათა აცილებულ იქმნას ფულის ნიშნების უცხო ვალიუტაზე გადაცვლა საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში, სიონისტურმა ორგანიზაციამ თვით უნდა მიიღოს თავის თავზე ემიგრანტების სამგზავრო ფულის გადახდა, ან უნდა გადაცვალოს საქართველოს სახელმწიფო ბანში განსაზღვრული თანხა ფულისა უცხო ვალიუტით, რომლითაც სიონისტური ორგანიზაციის რწმუნებული გადაიხდის გემის ბილეთების საფასურს გამგზავრების პუნქტზე (ბათომი, ფოთი).
  4. ნებართვა, რომლებიც მიეცემათ ებრაელ ემიგრანტებს რუსეთში მყოფი საქართველოს კონსულების მიერ სიონისტური ორგანიზაციის მოწმობების თანახმად საკმარისია იმისთვის, რომ ემიგრანტებმა მიიღონ საქართველოზე გასვლის ნებართვა ისე, რომ საჭირო არ იქნება ყველა ცალკე შემთხვევაში დაამტკიცოს მათი მოწმობები შინაგან საქმეთა სამინისტრომ.