Site icon Civil.ge

ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ოპოზიციას ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებს

ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ფოტო: gd.ge

ქართული ოცნება-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ, 8 ოქტომბერს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე 23 დღით ადრე, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც იგი წინასაარჩევნო პროცესში „გახშირებულ პროვოკაციებზე“ საუბრობს, „ყველანაირ ძალადობას“ გმობს და მის პროვოცირებაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

ივანიშვილი აღნიშნავს, რომ „რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს“ და მწუხარებას გამოხატავს, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან „გახშირებულ პროვოკაციებს“, ქართული ოცნების მხარდამჭერებიც წამოეგნენ.

მისივე განცხადებით, „არის საფრთხე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასეთი ხასიათის ძალადობრივი დაპირისპირებები უფრო გახშირდეს“. ივანიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს არ აჰყვნენ პროვოკაციებს და „რადიკალურ ჯგუფებს“ საარჩევნო გარემოსა და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანების საშუალება არ მისცენ.

ივანიშვილმა ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის „მშვიდ გარემოში“, ასევე „თავსმოხვეული აგრესიისა“ და „მღელვარების გარეშე“ ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მანვე დაამატა, რომ კონფლიქტის დროს, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და დამკვირვებლებისთვის, „განსაკუთრებით ძნელია“ იმის გარჩევა, თუ ვინ იყო პროვოკაციის ინიციატორი და ვინ მსხვერპლი.

ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართული ოცნების უდავოდ „მყარ პოზიციას“ გაუსვა ხაზი და თქვა, რომ პარტია „დამაჯერებლად იმარჯვებს“. კვლევებზე დაყრდნობით, მმართველი პარტიის მიმართ „საზოგადოების „უპრეცედენტო“ მხარდაჭერაც აღნიშნა, რომ დასძინა, რომ მათი „საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს“.

27 და 29 სექტემბერს, ბოლნისსა და მარნეულში ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მომხდარზე ნაციონალური მოძრაობის ერთი აქტივისტი და ერთი წევრი, ასევე ქართული ოცნების ერთი აქტივისტი დააკავა.

წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)