Site icon Civil.ge

რატომ დაიწყო ყარაბაღის ახალი ომი?

უპილოტო აპარატებიდან გადაღებული მკვლევლობის სურათები მედიაში მიმდინარე ომის სავიზიტო ბარათად იქცა.

რა ხდება?

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანი ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების შესახებ აცხადებს. სომხეთი დაპირისპირების შეწყვეტასა და მთიანი ყარაბაღის საერთაშორისო აღიარებას ითხოვს. მოსკოვში, 11 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე რამდენჯერმე დაირღვა.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

მთიან ყარაბაღში განახლებულ სამხედრო დაპირისპირებას უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ ყარაბაღის ახალი ომი, რომლის მსგავსიც 1994 წლის შემდეგ არ ყოფილა. ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანმა ოკუპირებული ტერიტორიებისა და მთიანი ყარაბაღის დაბრუნება სრულად შეძლოს. კონფლიქტის მიმდინარეობა მკვეთრად შეიცვალა და ცეცხლის შეწყვეტა მოკლე ხნით რომც შენარჩუნდეს, რეალური ცვლილებების გარეშე, რეგიონში სამხედრო დაპირისპირება კვლავ განახლდება.

რას უნდა მოველოდოთ?

ანალიზი

კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების იმედი ბოლოს 2001 წელს იყო, როდესაც კი-უესტში, აშშ-ში, მხარეებს შორის მოლაპარაკების შედეგად გარკვეული შეთანხმების მიღწევის იმედი გაჩნდა, თუმცა საბოლოო ჯამში მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ამის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობდა, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე. უშედეგო გამოდგა სომხეთის ახალ ლიდერ ნიკოლ ფაშინიანთან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განახლებული მოლაპარაკებებიც.

სამშვიდობო მოლაპარაკებით იმედგაცრუებული და საერთაშორისო შუამავლების პასიურობით უკმაყოფილო აზერბაიჯანისთვის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზად სამხედრო გადაწყვეტილება რჩებოდა. შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობამ მთიან ყარაბაღში ომის განახლებას შეუწყო ხელი.

ცოტა ისტორია

1994 წლის 12 მაისს მთიან ყარაბაღში 1988 წელს დაწყებული კონფლიქტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. სხვა პოსტსაბჭოთა კონფლიქტებისგან განსხვავებით, სამხედრო დაპირისპირების დასრულების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე რუსული სამშვიდობო ძალები არ განთავსებულან. ამიტომაც, ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე დაბალი ინტენსივობის დაპირისპირება არ შეწყვეტილა. სნაიპერებისა თუ შემთხვევით გასროლილ ტყვიებს ყოველდღიურად ეწირებოდა სამხედრო თუ სამოქალაქო პირები. ასე გაგრძელდა 2016 წლამდე, როდესაც მხარეებს შორის ხანმოკლე ომი მოხდა.

მინსკის ჯგუფი და მინსკის კონფერენცია

ყარაბაღის პირველი ომის დასრულების შემდეგ, ეუთოსა და მისი თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პატრონაჟით დაიწყო ე.წ. მინსკის პროცესი. მისი ამოცანები იყო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე დაკვირვება და მისი უზრუნველყოფა; ჰუმანიტარულ საკითხებს შორის მხარეების დიალოგის წახალისება; კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარების შესახებ სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის ხელშეწყობა; ეუთოს ეგიდით მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების მივლინება კონფლიქტის რეგიონში და, რაც მთავარია, მინსკის საერთაშორისო კონფერენციის გამართვა ამ საკითხზე, რომელშიც “მინსკის ჯგუფის” ქვეყნები მიიღებდნენ მონაწილეობას. თავმჯდომარე ქვეყნებია: აშშ, რუსეთი და საფრანგეთი, ხოლო მინსკის ჯგუფის სხვა წევრები კი: ბელარუსი, გერმანია, იტალია, პორტუგალია, ნიდერლანდები, შვედეთი, ფინეთი და თურქეთი. 

მინსკის კონფერენცია რომ არასოდეს გამართულა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მინსკის ჯგუფში თურქეთის ყოფნას. რაც შეეხება სამშვიდობო ძალებს, ერევანს, რომელმაც ომით უზარმაზარი სამხედრო უპირატესობა მოიპოვა, არ სურდა სამშვიდობო ძალების (მათ შორის, რუსულის) დაშვება არც ყარაბაღს შიგნით და არც იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ყარაბაღის შემადგენლობაში არ შედიოდა. ბაქო, თავის მხრივ, შიშობდა, რომ ჯარები სომხეთის მიერ ბრძოლით დაკავებული ტერიტორიის პერიმეტრზე განთავსდებოდნენ და ამით ფაქტობრივ საზღვარს დააწესებდნენ. ამ შიდა დინებების გამო, მინსკის პროცესი ძირითადად თანათავმჯდომარეების დედაქალაქებში სტუმრობით და ეპიზოდური სამშვიდობო შეხვედრებით შემოიფარგლა.

უნდა ითქვას, რომ ყარაბაღის საკითხი უფრო ფართოდ “სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკომისრის სპეციალური წარმომადგენლის” მანდატშიც შედის, ოღონდაც არც ბაქო და არც ერევანი აქამდე მის ჩარევას ყარაბაღის თემაში ერიდებოდნენ და ტოივო კლაარის, დღევანდელი სპეცწარმომადგენლის, კონკრეტული საქმიანობაც ძირითადად რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებსა და ჟენევის მოლაპარაკებებს მოიცავს.

მზადება დიდი ომისთვის

„ოთხდღიანი ომი“: 1994 წლის შემდეგ პირველი სერიოზული სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირება 2016 წელს მოხდა, რომელიც მოსკოვის ჩარევის შედეგად ოთხ დღეში დასრულდა. დაპირისპირებამ ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ ისტორიაში „ოთხდღიანი ომის“  სახელით შევიდა. ამ დაპირისპირების შედეგად, კონფლიქტის დასრულების შემდეგ პირველად, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთით და სამხრეთით ოკუპირებული ტერიტორიის მცირე ნაწილი დაიბრუნა, რამაც სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა და საომარი რიტორიკის გაძლიერებასაც შეუწყო ხელი. 1994 წლის შემდეგ პირველი სამხედრო მარცხი იგემა ყარაბაღის ომის გმირმა, სომხეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა, რომელმაც ორ წელიწადში ძალაუფლებაც დაკარგა.

ივლისის საზღვრისპირა დაპირისპირება: მიმდინარე წლის ივლისში რამდენიმე დღიანი დაპირისპირება მთიანი ყარაბაღიდან მოშორებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარის თავუშის/თოვუზის რეგიონების მონაკვეთზე მოხდა. დაპირისპირების შედეგად ერთი აზერბაიჯანელი გენერალიც დაიღუპა. ამის შემდეგ, ბევრმა ჩათვალა, რომ ახალი დაპირისპირება მოკლე დროში აღარ მოხდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ შესავალი იყო უფრო დიდი სამხედრო დაპირისპირებისთვის.

ახალი ომი: ბევრმა ჩათვალა, რომ 27 სექტემბერს დაწყებული დაპირისპირება, 2016 წლის „ოთხდღიანი“ ომის ანალოგიურად, ხანმოკლე იქნებოდა. თუმცა, მოხდა პირიქით. განახლებული დაპირისპირება 1994 წლის შემდეგ თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა. ორივე მხრიდან დაპირისპირებაში მონაწილეობს ყველა სახის სამხედრო შენაერთი, იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის, რეგიონის მთავარი ქალაქი სტეფანაკერტი/ხანკენდი და კონფლიქტის ზონის მიმდებარე აზერბაიჯანული ქალაქები. მხარეები განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ უპილოტო საფრენ აპარატებს. სომხეთსა და აზერბაიჯანში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა და მობილიზაცია. აზერბაიჯანული არმია ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებაზე საუბრობს, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის სამხრეთით, ჯებრაილის რაიონში. აზერბაიჯანი ტერიტორიების დაბრუნებით შეგულიანებულია და სუსტი საგარეო ზეწოლის პირობებში, უფრო მეტის დაბრუნებას ცდილობს.

რატომ განახლდა ომი?

ომის განახლება რამდენიმე შიდა და საგარეო ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამხედრო რიტორიკისა და 2016 წელს მიღწეული მცირე წარმატების შემდეგ, ახალი ომის დაწყება გარდაუვალიც კი ჩანდა.

ნავთობდოლარები და სამხედრო ხარჯები: 1994 წელს კონფლიქტის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგო პროექტების განხორციელება დაიწყო. პირველი ხელშესახები სარგებელი ქვეყანამ 2006 წელს მიიღო, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის ამოქმედების შედეგად, მკვეთრად გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი და მათ შორის, სამხედრო ხარჯები. 2005–2015 წლებში აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები 10–ჯერ გაიზარდა და 2015 წელს 4.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა იმავე წელს სომხეთის ხარჯები მხოლოდ 447 მლნ აშშ დოლარი იყო. 2005 წელს ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროც კი შეიქმნა. აზერბაიჯანთან სამხედრო პარიტეტის შესანარჩუნებლად სომხეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას ცდილობდა.

აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობა: ბოლო ათწლეულში ბაქო და მოსკოვი დაახლოვდნენ. ილჰამ ალიევისთვის ცხადი იყო, რომ კრემლის მხარდაჭერის, მინიმუმ ნეიტრალური პოზიციის გარეშე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში წარმატებას ვერ მიაღწევდა. ალიევის პოლიტიკამ თავისი შედეგი გამოიღო. გარდა იმისა, რომ რუსული შეიარაღებისთვის აზერბაიჯანი მომგებიან ბაზრად გადაიქცა, რუსეთმა 2016 წლის „ოთხდღიანი ომის“ დროს ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და თავისი სტრატეგიული პარტნიორის, სომხეთისთვის უპირობა მხარდაჭერა არ გამოუხატია. მოსკოვი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს ახლაც, საკმაოდ აგვიანებს რეაგირებას, მხარეებს მოლაპარაკების ორგანიზებაში დახმარებას სთავაზობს და სომხეთისადმი სტრატეგიული მოკავშირეობის ვალდებულების შესრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ აზერბაიჯანი სამხედრო იერიშს სომხეთის ტერიტორიაზე მიიტანს.

რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა: რუსეთი და სომხეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. განახლებული შეთანხმების საფუძველზე სომხეთში 2044 წლამდე დარჩება რუსული სამხედრო ბაზა. ისინი მოკავშირეები არიან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაშიც და მესამე მხარესთან კონფლიქტის შემთხვევაში ურთიერთდახმარების ვალდებულება აქვთ. მოსკოვ-ერევნის ურთიერთობაში ბზარი 2018 წელს ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩნდა. რევოლუციონერი ფაშინიანი რუსეთის მმართველთათვის მიუღებელი ლიდერია, რომელსაც არ ენდობიან და დასავლეთისადმი სიმპატიებშიც ადანაშაულებენ. ფაშინიანმა მოსკოვის გაფრთხილების მიუხედავად, დაიჭირა პუტინის პირადი მეგობარი, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი. მიმდინარე დაპირისპირებაში რუსეთის ნეიტრალური პოზიცია ფაშინიანისთვის ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილიც კი შეიძლება იყოს.

სათუო მოკავშირეობა? რუსეთისგან გასხვავებით, ბოლო წლებში, ღიად პროაზერბაიჯანულ პოზიციას გამოხატავდნენ სომხეთის მოკავშირეები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან. 2016 წლის „ოთხდღიანი ომის“ დროს, ყაზახეთისა და ბელარუსის პროაზერბაიჯანულ პოზიციას სომხეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

სომხური მმართველი ელიტის განახლება: 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად სომხეთში მმართველი ელიტის განახლება და ე.წ. ყარაბაღის კლანის შევიწროება დაიწყო, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტები, სერჟ სარქისიანი და რობერტ ქოჩარიანი მიეკუთვნებოდნენ. ელიტის შიგნით დაპირისპირებამ, როგორც ჩანს, სომხურ პოლიტიკაში ყარაბაღის საკითხი მეორე პლანზე გადაწია.

თურქეთის მხარდაჭერა: თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანის მხარდამჭერი იყო, მაგრამ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მზარდი ამბიციები, რეგიონში წამყვანი სახელმწიფო გახდეს, მიმდინარე კონფლიქტში თურქეთის უფრო მაღალი ხარისხით ჩართულობას უზრუნველყოფს. მიმდინარე დაპირისპირებაში თურქეთი რუსეთის ერთგვარ საპირწონე ძალადაც წარმოჩინდება, როგორც ეს სირიასა და ლიბიაში ხდება.

დასავლეთის რეაქცია: აშშ და ევროპა შიდა პრობლემებით არიან დაკავებული და ამ ეტაპზე, აზერბაიჯანზე მათი ზემოქმედების ბერკეტები სუსტია. მათი მცდელობა, აზერბაიჯანი სამშვიდობო პროცესის უალტერნატივობაში დაარწმუნონ, არადამაჯერებელი და ნაკლებ ეფექტური ჩანს.

მომავლის ხედვა

სამხედრო დაპირისპირების გაგრძელების შემთხვევაში კონფლიქტის მასშტაბები გაიზრდება და მისი რეგიონულ კონფლიქტად გადაქცევის საფრთხე შეიქმნება, რომელშიც სხვადასხვა ფორმით, მესამე ქვეყნებიც აღმოჩდებიან ჩათრეულნი.

რუსეთის ძალისხმევით სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტის შემთხვევაში კი, ეს იქნება კონფლიქტის მხოლოდ დროებით მიძინების მცდელობა. შექმნილ საერთაშორისო გარემოში, როდესაც კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა უპერსპექტივო საქმედ გამოიყურება, აზერბაიჯანისთვის კონფლიქტის გადაწყვეტის სამხედრო გზა ერთადერთ ალტერნატივად რჩება.