Site icon Civil.ge

თფილისელი მუშები თავდაცვის ფონდს ძვირფას ნივთებს წირავენ

მუშათა დემონსტრაცია, 1919 წელი, თფილისი. ფოტო საქართველოს პირველი რესპუბლიკის კინოქრონიკიდან. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 15 ოქტომბერი, N233

მთავრობაში: ძვირფასი ნივთების გადაცემა

მოსმენილ იქმნა მუშათა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის მიერ მთავრობის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი შემდეგი:

„თანახმად თფილისის მუშათა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ბიუროს დადგენილებისა, გადაწყვეტილია გადასცენ რესპუბლიკის თავდაცვის ფონდისათვის ის ნივთები, რომლებიც კომიტეტის კასაში არის: ვერცხლის წმინდა გიორგის ჯვარი 382 ცალი, ვერცხლის მედალი – 220 ცალი, წმინდა ანნას და სტანისლავის ორდენები ოქროთი მოარაყებული 14 ცალი, გულის ნიშნები ვერცხლისა 6 ცალი, ოსმალეთის ორდენი ვერცხლისა – 1 ცალი, დიდი ვერცხლის მედალიონები მუყაითობისათვის მიცემული – 4 ცალი, ჩვეულებრივი ვერცხლის მედალიონები – 1 000 ცალი, ვერცხლის ჯვარი – 3 ცალი, საათის ვერცხლის სახურავი – 2 ცალი. გთხოვთ ნივთების მისაღებად რწმუნებულის გამოგზავნას“.

მთავრობამ მოისმინა რა ეს განცხადება დაადგინა გამოუცხადოს აღმასრულებელ კომიტეტს მადლობა და მთელი მოწერილობა კი სისრულეში მოსაყვანად გადაუგზავნოს ფინანსთა სამინისტროს.