Site icon Civil.ge

„საია“-მ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

საარჩევნო ბანერი ვარკეთილის მეტროსთან, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 12 ოქტომბერს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში, საია-მ მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლის 3, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის სავარაუდო უგულვებელყოფის 1-1 შემთხვევა გამოავლინა.

ანგარიში სექტემბრის თვეში გამოვლენილ დარღვევებს ფარავს. საია არჩევნებს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.

ანგარიშის თანხმად, წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პოლიტიკური ზეწოლისა და ძალადობის შემთხვევები. მაგალითად: მმართველი პარტიის მხრიდან ლელოს აქტივისტებზე სავარაუდო ზეწოლა; ლელოს აქტივისტებზე თავდასხმა; ზუგდიდში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე დაპირისპირება; სტრატეგია აღმაშენებლის აქტივისტებზე თავდასხმა; ზუგდიდის საკრებულოს ქართული ოცნების წევრების მხრიდან ლელოს წევრების მიმართ სავარაუდო მუქარა და ზეწოლა; ლეიბორისტული პარტიის აქტივისტებზე თავდასხმა; სამგორში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევა; თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე; გლდანში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატისთვის, ნიკა მელიასთვის ქვების სროლა; ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების აქტივისტების დაპირისპირება ბოლნისსა და მარნეულში.

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის კონტექსტში, „საია“ ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტია პროგრესი და თავისუფლებას ასახელებს. ანგარიშის თანახმად, პარტიის დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის კომპანია „პსპ ფარმამ“ რეკლამა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის მოქალაქეებისთვის ძვირადღირებულ პრეპარატებს თურქეთიდან ყოველგვარი ფასნამატის გარეშე ჩამოიტანს.

სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნათა უგულვებელყოფის მაგალითად, „საია“ პროექტ „Log-in Georgia”-ზე მიუთითებს, რომელსაც მსოფლიო ბანკი 40 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს. ორგანიზაციის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ 31 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი პროექტი განხორციელებაში ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან „მჭიდროდ დაკავშირებული“ ორგანიზაციის ფონდ „ქართუს“ როლსა და დახარჯულ მილიონობით ლარზე საუბრობს.

პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლის მაგალითებად ანგარიშში ლელოსა და ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობისთვის შექმნილი დაბრკოლებებია დასახელებული. „საია“-ს განმარტებით, ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის გამოქვეყნების ვალდებულებაც დაარღვია.

წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)