ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ 9 ოქტომბერს საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის შექმნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. კომისიის მიზანი აფხაზეთის „კონსტიტუციაში“ ცვლილებების შემუშავებაა, რაც სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის სისტემის რეფორმირებას მოიცავს.
16-წევრიანი კომისიის ხელმძღვანელად ბჟანიამ მოქმედი „კონსტიტუციის“ თანაავტორი და სამოქალაქო აქტივისტი, ნათელა აქაბა დანიშნა. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ასტამურ აპბა – იურისტი; საიდა ბუთბა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; ვიტალი გაბნია – საზოგადო მოღვაწე; გივი გაბნია – უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; საიდ გეზერდავა – იურისტი; კამა ჯინჯოლია – მოსამართლე; არდა ინალ-იპა – ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; თამაზ ქეცბა, უფროსი ლექტორი; ოლეგ პაპასკირი – აფხაზეთის ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; დიანა ფილია – მოსამართლე; სერგეი სმირი – აფხაზეთის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; ასტამურ ტანია – ისტორიკოსი; ბატალ ტაბაღუა – დეპუტატი; ალხას ტხაგუშევი – ასოციაცია „ინვა დახმარების“ ხელმძღვანელი; დაუთ ხუტაბა – ლექტორი; ასიდა შაკრილი – ომბუდსმენი.
სექტემბერში ნათელა აქაბამ „კონსტიტუციის“ რეფორმირების შესახებ აფხაზურ მედიაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დრო მოვიდა. აქაბამ განაცხადა, რომ ეს „უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ძალაუფლების გადანაწილებას პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის. ჩვენ გვჭირდება ძალაუფლების დაბალანსება, მისი სამართლიანად გადანაწილება პრეზიდენტს, პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს შორის“.
ასლან ბჟანია საკონსტიტუციო ცვლილებების იდეა აპრილში ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გააჟღერა. ივნისის დასაწყისში მან განაცხადა, რომ „კონსტიტუციაში“ ცვლილებები სამართალმცოდნეების ჩართვით მომზადდება, რათა „დაგეგმილი ცვლილებები რიგი პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმაროს“.
სოხუმმა „კონსტიტუცია“ 1994 წლის 26 ნოემბერს, 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დასრულდებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში მიიღო.
მას შემდეგ, „კონსტიტუციაში“ ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა. ერთ-ერთი ბოლო ცვლილება დოკუმენტში 2016 წლის 29 მარტს აისახა. 2014 წელს შეტანილი ცვლილებებით, ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებამ „საკონსტიტუციო სასამართლო“ ჩამოაყალიბა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობისა“ და „ტერიტორიული მთლიანობის“ წინააღმდეგ მიმართული ცვლილებების შემოღება აკრძალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)